ადგილობრივი წარმოების, ხელნაკეთი, ქართული თემატიკით გაფორმებული მაგიდის გადასაფარებლები საერთაშორისო ბაზრებზე გავიდა. ბრენდმა, სახელწოდებით - EKOSI საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე, ცოტა ხნის წინ, იტალიაში გაიტანა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ EKOSI-ის დამფუძნებელმა ეკა მოდებაძემ განუცხადა, საექსპორტო გამოცდილება მის ბრენდს მანამდეც ჰქონდა.
„სხვადასხვა დროს, EKOSI-ის მაგიდის გადასაფარებლები ექსპორტზე გაგვიტანია აშშ-სა და უკრაინის ბაზარზეც. მოგეხსენებათ, უცხოეთში ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს და ძირითადად, ინტერესი მათი მხრიდან არსებობს“, - ამბობს ეკა მოდებაძე.
მისივე თქმით, უცხოეთის გარდა, ქართული თემატიკის მაგიდის გადასაფარებლებზე მოთხოვნა მაღალია ადგილობრივ ბაზარზეც.
„წინა წელთან შედარებით, გაყიდვები წელს ჯამში 30%-ით გაგვეზარდა. ამჟამად, განსაკუთრებით აქტუალურია საახალწლო თემატიკის მაგიდის გადასაფარებლები და ჩვენც ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა EKOSI-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, EKOSI ქართველი მოცეკვავის - ეკა მოდებაძის მიერ დაარსებული ბრენდია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 5 წელია საქმიანობს და მომხმარებელს როგორც მრავალფეროვანი სტილის მაგიდის გადასაფარებლებს, ისე ფარდებსა და ხალათებს სთავაზობს.