"ეკონომიკის სამინისტროს მიერ წამოწყებული ინიციატივა არქიტექტურული გარემოს მოწესრიგების კუთხით მნიშვნელოვანი და საჭირო ნაბიჯია," - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წლებია საზოგადოებას, მათ შორის, არქიტექტორების ფართო წრეს, აწუხებს თბილისსა და რეგიონებში არქიტექტურულად უსახური და გარემოსთან შეუსაბამო შენობების გაჩენა. ამასთან, საქართველოში ბოლო 30–35 წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ ექცეოდა ყურადღება ე.წ. „მეხუთე ფასადს“, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევა.
მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული ინიციატივა მთავრობის კომპლექსური მიდგომის ნაწილია. პირველად ქვეყნის ისტორიაში, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ დაიწყო სახელმწიფო პროექტების დაპროექტება ღია კონკურსების მეშვეობით და შედეგად, თითოეულ პროექტზე 8–10 მაღალი ხარისხის კონკურსანტი მონაწილეობს, ხოლო წარმოდგენილი ნამუშევრები იმდენად ძლიერია, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხშირად რთულიც კი ხდება. მინისტრის შეფასებით, ეს არქიტექტურის განვითარების თვალსაზრისით უპრეცედენტო ეტაპია.
სოხაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო აღარ გეგმავს მხოლოდ ფუნქციური შენობების აშენებას. ახალი მიდგომაა თითოეული ობიექტი გახდეს მუნიციპალიტეტის მნიშვნელოვანი ნაგებობა და რეგიონებში თანამედროვე, ესთეტიკური არქიტექტურის დამკვიდრებას შეუწყოს ხელი.
მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ამ მიმართულებით და უკვე თითოეული ქალაქისა და დაბის დონეზე შეიქმნება დეტალური რეკომენდაციები სამშენებლო მასალებისა და არქიტექტურული სტანდარტებისთვის.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ საქართველოში ბუნებრივი მასალების წარმოებას დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა მათი ეფექტური გამოყენება ყოველთვის არ ხდება. ახალი მიდგომები ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების გაძლიერებას და რესურსების სწორ გამოყენებასაც.
კერძო სექტორს დადგენილების პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა წარუდგინა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგულაციების შემუშავებაზე რამდენიმე თვის განმავლობაში სხვადასხვა უწყებასთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად მუშაობდა.