logo
Loading data...
მთავარი ტურიზმი

სტატია

კომპლექსის დამთვალიერებელ ტურისტთა უმრავლესობა რუსეთიდან არის - ახალციხის(რაბათის) ციხე

2025 წლის არსებული ტურისტული სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოიკვეთა კომპლექსის დამთვალიერებელ ტურისტთა ქვეყნების ხუთეული. ყველაზე მაღალი მაჩვენებლით პირველ ადგილზე რუსეთის ფედერაციაა, - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" ახალციხის(რაბათის) ციხის დირექტორმა ზაზა თამარაშვილმა განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, მეორე ადგილზე მოდის - ჩინეთი, მესამე ადგილზე - პოლონეთი, მეოთხეზე - ინდოეთი და მეხუთე ადგილს - ისრაელი იკავებს. 

"კომპლექსი როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. 2025  წლის, 5 თვის მონაცემით კომპლექსი - 30 148 ვიზიტორმა მოინახულა, აქედან: საქართველოს მოქალაქე -  15 206 იყო, ხოლო -  14 942 უცხოელი ვიზიტორი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს დაახლოებით, 20%-ით აღემატება. აღნიშნულ სტატისტიკურ მონაცემებში ქვეყნების წილობრივი განაწილება ცვალებადია და ყოველ წელს იცვლება", - აცხადებს ზაზა თამარაშვილი. კომპლექსის პოპულარიზაციისთვის აქტიურად ვმუშაობთ.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტურიზმისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ყოველწლიურად იღებს მონაწილეობას ქალაქ ბათუმში გამართულ ტურისტულ გამოფენაში Expo Batumi, ასევე ყოველწლიურად კომპლექსის ტერიტორიაზე იმართება ფესტივალები(როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო), ასევე ისეთი დიდი ფესტივალები როგორიცაა: პურის ფესტივალი, ღვინის ფესტივალი, ქალაქის დღესასწაული, რომელიც გრანდიოზულად აღინიშნება(წმინდა შალვა ახალციხელის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები), დამოუკიდებლობის დღე, ადგილობრივი რეწვის ოსტატების  გამოფენა-გაყიდვა/მასტერკლასები და სხვა", - აცხადებს ზაზა თამარაშვილი.

ცნობისთვის, ახალციხეში, რაბათის ისტორიულ უბანში მდებარე ახალციხის ციხე კომპლექსი 2012 წლის 16 აგვისტოს გახსნა იგი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ტურისტებისთვის მიმზიდველ ლოკაციას წარმოადგენს. კომპლექსის ტერიტორიაზე განთავსებულია ისტორიული, მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი ლოკაციები, აგრეთვე კომპლექსის ისტორიულ ფლიგელში მდებარეობს სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმი, რომლის ექსპოზიციაზეც წარმოდგენილია მრავალფეროვანი არქეოლოგიური არტეფაქტები, რომლებიც მოპოვებულია, როგორც რეგიონის ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის სხვადასხვა მხარეში.

კომპლექსს ჰყავს 16 მაღალკვალიფიციური საექსკურსიო გიდი, რომლებიც ექსკურსიებს ატარებენ 6 ენაზე, როგორც ქართულ ასევე, ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, თურქულ და ფრანგულ ენებზე. აგრეთვე აღსანიშნავია რომ კომპლექსს აქვს აუდიო გიდის 3 ენოვანი სერვისიც. კომპლექსი იყოფა ორ ფლიგელად. ქვედა, უფასო ფლიგელში განთავსებულია კომერციული დაწესებულებები და უმეტესად იქ იმართება ღონისძიებები, ხოლო რაც შეეხება ზედა ისტორიულ ფლიგელს, იქ შესვლა ფასიანია და ბილეთის ღირებულება უცხო  ქვეყნის  მოქალაქის შემთხვევაში შეადგენს: ზრდასრული - 18 ლარი, სტუდენტი - 15 ლარი, მოსწავლე - 12 ლარი, ხოლო საქართველოს  მოქალაქის შემთხვევაში: ზრდასრული - 7 ლარი, სტუდენტი - 3 ლარი, პენსიონერი - 3 ლარი, მოსწავლე - 2 ლარი.

გამოგვყევით