მიუხედავად წინ გადადგმული ნაბიჯებისა, როგორიცაა IT ბინადრობის მოწმობა, სტარტაპ კანონმდებლობა, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, ეს არ არის საკმარისი და დღევანდელი სამყაროდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ აქცენტები გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე,”- ამის ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორის” ღამის ეთერში, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების კომპანიების ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე სულაბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ტექნოლოგიური სექტორი ერთ-ერთი მოწინავე და უდიდესი შესაძლებლობების მქონეა. ამის მაგალითია საქართველოს ფინანსური სექტორიც.
“იმის გამო, რომ საქართველოში არ არსებობდა ტრადიციული საბანკო სექტორი, ჩვენ ერთი ნაბიჯით გადავახტით და დღეს ციფრული განვითარების კუთხით, ერთ-ერთი წამყვანია. იმის გამო, რომ ჩვენთან ტექნოლოგიური ბმა არ იყო ისე განვითარებული, როგორც სხვაგან, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ეს ნაბიჯები გამოვტოვოთ და უფრო განვითარებულ ტექნოლოგიებზე გადავიდეთ, რისი რესურსიც საქართველოს აქვს. ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, უამრავი სტარტაპია, რომლებსაც შეუძლიათ მოგვიტანოს ე.წ “უნიქორნი” და ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატება. შესაძლოა, ისეთივე ცნობილები გავხდეთ, როგორც ერთ დროს ესტონეთი გახდა Skype-ის საშუალებით”,-ამბობს თორნიკე სულაბერიძე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ის ნაბიჯები, რომელსაც ქვეყანა დგამს, იმ წარმატებების მომტანი იქნება, რომელიც მომავალში საქართველოს ელოდება.
“ჩვენ ვცხოვრობთ ტექნოლოგიური ცვლილებების ეპოქაში და ხელოვნური ინტელექტი არ არის ჯერ კიდევ კარგად ათვისებული ქვეყნებში, ამიტომ გვაქვს შესაძლებლობა ჩვენი სიტყვა ვთქვათ ამ მიმართულებით. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბევრი ქვეყანა "ნადირობს" NVIDIA-ს ჩიპებზე, ამიტომ ახლა ის დროა, ვითხოვდეთ ჩიპების. ამაზე შეზღუდვებია, აშშ-მ შეზღუდა, ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაღაც რაოდენობა ამ ჩიპების დაიდგას საქართველოში და აშენდეს სიმძლავრეები, რომ ქართველებმა შემდეგ ამით განავითარონ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პროდუქტები”, - განაცხადა სულაბერიძემ.