საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია „ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება - გამოწვევები და პერსპექტივები“ ჩატარდა.
კონფერენციის ფარგლებში ფინტექის განვითარების სტრატეგიის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადდა და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით გრძელვადიან ხედვას აერთიანებს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფინანსური სექტორის, სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე მოწვეულმა ექსპერტებმა.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურმა მდივანმა რობერტ ბრეგიმ.
ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების კუთხით მიღწეულ შედეგებზე, მიმდინარე აქტივობებსა და გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მისი შეფასებით, ფინტექის განვითარების სტრატეგია ხელს შეუწყობს საქართველოს ფინტექ ინდუსტრიის განვითარებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს კონკურენტუნარიანობას როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო მასშტაბით.
„მსოფლიო ბანკთან პარტნიორობით მომზადებული ფინტექ სტრატეგიის მიზანია ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ჩვენი გრძელვადიანი ხედვის ჩამოყალიბება. აღნიშნულ პროცესში კი შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებ, დღევანდელი დღე ხელს შეუწყობს როგორც ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, ასევე ფინტექ ეკოსისტემის კიდევ უფრო განვითარებას“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველო საკმაოდ განვითარებული ქვეყანაა, რომლის საბანკო სექტორი ერთ-ერთი მოწინავეა რეგიონში.
„ფინანსური ტექნოლოგიების განვითარება ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ბოლო წლებში საქართველოს ჰქონდა უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა - ოთხი წლის განმავლობაში საშუალო რეალური ეკონომიკური ზრდა 9.5%-ზე მაღალი იყო. თუმცა, ამის უზრუნველსაყოფად და შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიურად ფინანსური სერვისების განვითარება“, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
იუსტიციის მინისტრის პაატა სალიას შეფასებით, ტექნოლოგიური განვითარებისა და ციფრული ტრანსფორმაციის პროცესში სწორედ კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობა ქმნის იმ მყარ საფუძველს და ნაყოფიერ გარემოს, რომლის პირობებშიც ჩნდება მრავალმხრივი შესაძლებლობა ინოვაციების დასანერგად.
„ფინტექ სტრატეგიის მიმართულებით თანამშრომლობის ფარგლებში და არამხოლოდ, იუსტიციის სამინისტრო წარმოადგენს იმ უწყებას, რომელიც ერთ-ერთი წამყვანია ციფრული მმართველობისა და ციფრული ტექნოლოგიების დანერგვის კუთხით. შესაბამისად, ციფრული ტრანსფორმაციის ეპოქაში იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ფიქრობს ინოვაციებზე, რომლებიც უფრო მეტად ეფექტურს და ხელმისაწვდომს გახდის სახელმწიფო სერვისების მიწოდებას და ხელს შეუწყობს ციფრული მმართველობის განვითარებას“, - აღნიშნა პაატა სალიამ.
ქალაქ თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველოში ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა უკვე საკმაოდ განვითარებულია. მისი თქმით, განსაკუთრებით თვალშისაცემია კომერციული საბანკო სექტორი და მათ მიერ დანერგილი ისეთი ინოვაციები, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ფინანსურ ოპერაციებს ამარტივებენ.
„ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობა იძლევა შესაძლებლობას, კულტურული მრავალფეროვნება და ბიზნესის წარმოების სიმარტივე ფინტექ სექტორში გააერთიანოს, რაც თავის მხრივ, ინოვაციური ტექნოლოგიებისა და სერვისების დანერგვის მოთხოვნილებას ზრდის. ტექნოლოგიას შეუძლია დაძლიოს გეოგრაფიული ბარიერები, გაზარდოს ტრანზაქციების სიჩქარე, უსაფრთხოება, გამჭვირვალობა და როგორც ადგილობრივ მომხმარებლებს, ისე ტურისტებს, მათზე უკეთ მორგებული ფინანსური სერვისები შესთავაზოს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
შვეიცარიის ქალაქ ლუგანოს მუნიციპალიტეტის გენერალურმა მდივანმა რობერტ ბრეგიმ შეკრებილ საზოგადოებას ლუგანოში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებისა და დანერგვის კუთხით გამოცდილება გაუზიარა და აღნიშნა, რომ საკუთარი გამოცდილების გაზიარების პარალელურად, თავად სწავლობს საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე შესანიშნავ ინიციატივებს.
„დღევანდელ სწრაფად ცვალებად სამყაროში ინოვაცია უნდა მოემსახუროს კონკრეტულ მიზანს. ერთად მუშაობით შეგვიძლია მივაღწიოთ რეალურ პროგრესს. ტექნოლოგიის გამოყენებით უკეთესად შევძლებთ ჩვენი მოქალაქეების მომსახურებას და უზრუნველყოფას, რომ არცერთი მათგანი არ დარჩეს უყურადღებოდ. ჩვენი მუშაობის ცენტრში დგას მარტივი რწმენა: ერთად შეგვიძლია ავაშენოთ ნათელი მომავალი, სადაც ინოვაცია შეზღუდული არ იქნება მხოლოდ მცირე ჯგუფზე, არამედ გახდება საზოგადოების მხარდაჭერის, მეტი ადამიანის ჩართვისა და საერთო კეთილდღეობის შექმნის ინსტრუმენტი“, - განაცხადა ლუგანოს გენერალურმა მდივანმა.
ღონისძიება თემატური პრეზენტაციებითა და პანელური დისკუსიებით გაგრძელდა, რომლის მონაწილეებმა ფინტექის მომავალსა და არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.
საერთაშორისო კონფერენციის მიზანი ფინტექის განვითარების სტრატეგიის შესახებ ცნობადობის ამაღლება და კერძო და საჯარო სექტორებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება იყო, როგორც სტრატეგიის შემუშავების, ისე მისი პრაქტიკული იმპლემენტაციის პროცესში.