საქართველოში ტურისტების მრავალფეროვნება მისასალმებელია. ამის შესახებ ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარე, 26 ნომრიანი სასტუმრო "შაორის" გენერალური მენეჯერი, ირაკლი ჯმუხაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს. მისი ინფორმაციით, წინა წელს ჩინელი ტურისტები საერთოდ არ ჰყავდათ, ახლა კი მოცემულობა შეიცვალა, კერძოდ, სეზონის დასაწყისშივე, უცხოელ მომხმარებლებს გაუმასპინძლდნენ და ისევ ელოდებიან.
ირაკლი ჯმუხაძის ინფორმაციით, ჩინელი ტურისტები საშუალო მხარჯველუნარიანი მომხმარებლების სეგმენტში გადიან.
"ამჟამად, 60%-იანი დატვირთულობით ვმუშაობთ. წინასწარი ჯავშნებს, რაც შეეხება გვაქვს - ივლისში 40% უკვე დაჯავშნილია, ასევე წინასწარი ჯავშნები უკვე აგვისტოშიც გვაქვს. ძირითადი ვიზიტორების მიმართულებით, რომ გესაუბროთ, 70-80% ადგილობრივი მოსახლეობაა, ხოლო მცირე ნაწილი - 20-30% უცხოელ მომხმარებლებზე მოდის. უცხოეთიდან ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან გვსტუმრობენ, ევროპელი ტურისტები ამ ეტაპზე ნაკლებადაა. ასევე შეინიშნება ჩინელი ტურისტების შემოდინება. მე სასტუმროს გენერალური მენეჯერი გახლავართ და თითქმის ყველა სტუმარი ვიცი, ვინ საიდან მოდის. სიმართლე გითხრათ, შარშან ჩინელი ტურისტები საერთოდ არ მახსოვს. წელს უკვე სეზონის დასაწყისშივე, ჩინეთიდან ჯგუფი გვყავდა. ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი დაინტერესდა სასტუმროთი, ჩვენი ადგილმდებარეობით და გვითხრა, რომ სამომავლოდ, ვიზიტები აუცილებლად გამეორდება.
ჩინელი ტურისტები დაბალბიუჯეტიან მომხმარებლებში არ გადიან, პირადად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საშუალო მხარჯველუნარიანი მომხმარებლების სეგმენტში უფრო გავიყვან. ჩემი აზრით, კონკრეტულად ჩინელმა ტურისტებმა საქართველოს ტურიზმის სექტორში, თავისი წილი უნდა დაიკავოს. როგორც სხვა ქვეყნების ტურისტების, ასევე ჩინელი მომხმარებლების გამასპინძლება ძალიან საინტერესოა. მოგეხსენებათ, ტურისტების მრავალფეროვნება მისასალმებელია", - აღნიშნავს სასტუმროს გენერალური მენეჯერი.
ცნობისთვის, სასტუმრო შაორი ამბროლაურის რაიონში, შაორის ტბაზე მდებარეობს და 26 ნომრისგან შედგება.