logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საომარი მოქმედებების მიუხედავად, ისრაელთან თანამშრომლობას აქტიურად ვაგრძელებთ" - კომპანია "მაისი"

ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისის" კომერციული დირექტორი, გიორგი გუდაბანძე "ბიზნესპარტნიორთან" აცხადებს, რომ ირან-ისრაელში მიმდინარე ომის ფონზე, პროდუქციის მიწოდების დრო სტანდარტულთან შედარებით გაიზრდება.

გიორგი გუდაბანძის ინფორმაციით, აღნიშნული კუთხით, მაინც დადებითი ტენდენციაა, რადგან პარტნიორებს თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამთ.

"გეოპოლიტიკური ცვლილებები ბიზნესზე, რა თქმა უნდა, თავისთავად აისახება - ეს ყველაფერი, ბუნებრივია. როგორც იცით, ისრაელში ძალიან დაძაბული სიტუაციაა, შესაბამისად, აღნიშნულ არეალში პროდუქციას მიწოდება გართულებულია. მაგალითად, თვის ბოლოს ერთ-ერთ შეკვეთას ვაგზავნით, ნავარაუდებია, რომ მიწოდების დრო სტანდარტულთან შედარებით გაიზრდება. როგორც ასეთი, ამ კუთხით შეფერხება მაინც არ გვაქვს, რადგან პარტნიორებს თანამშრომლობაზე უარი არ უთქვამთ. ისრაელში ჩვენი კომპანიის რამდენიმე დასახელების წვენი გადის ექსპორტზე.

კონკურენციას რაც შეეხება, ნატურალური წვენის მიმართულებით, არა მხოლოდ, ისრაელში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ძალიან დიდი კონკურენციაა. მოგეხსენებათ, მთელს მსოფლიოში ნატურალური წვენების წარმოება, ძალიან დიდი მასშტაბის ბიზნესია, შესაბამისად, კონკურენტულ გარემოში ოპერირება გვიწევს. ხაზი უნდა გაესვას ჩვენი კომპანიის სამომხმარებლო ნიშნას - 100%-ით ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია ვართ, რომელიც არის ხელოვნური დანამატების, დამატებული შაქრისა და საღებავების გარეშე, არის არაგენმოდიფიცირებული და ვეგანური", - აცხადებს მაისის კომერციული დირექტორი.

გიორგი გუდაბანძის ინფორმაციით, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარული რამდენიმე წვენია.

"დაახლოებით 10-მდე დასახელების წვენი გვაქვს. აღნიშნული მიმართულებით, მუდმივად ვითარდებით და ახალ არომატებს ვამატებთ, რომ ახალ-ახალი მიმართულება ავითვისოთ და მომხმარებლების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. მინდა გითხრათ, რომ რამდენიმე მიმართულება გვაქვს, რომელიც მომხმარებლებში, როგორც ადგილობრივ, ასევე საექსპორტო ბაზარზე განსაკუთრებით პოპულარულია. მაგალითად, ვაშლის წვენი, მულტი მიქსი: ვაშლის, სტაფილოსა და ფორთოხლის მიქსი, ასევე საკმაოდ მოთხოვნადია - ფორთოხლის წვენი, ვაშლისა და ჯინჯერის მიქსი და ა.შ“, - აღნიშნავს გიორგი გუდაბანძე.

ცნობისთვის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია "მაისი" ადგილობრივ ბაზარზე 4 წელია ოპერირებს. საწარმოს აქვს საერთაშორისოდ აღიარებული BRCGS სტანდარტი. ასევე, FDA რეგისტრაცია აშშ-ის ბაზრისთვის და ქოშერის სერტიფიკატი ისრაელის ბაზრისთვის.

შეგახსენებთ, რომ ისრაელი და ირანი რამდენიმე დღეა ერთმანეთის ტერიტორიების წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებენ. 

გამოგვყევით