logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ექსპერტები ავტოსკოლების რეფორმას ითხოვენ - "ავტოსკოლების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებით, ქართულ მართვის მოწმობას მეტი ქვეყანა აღიარებს"

ავტოექსპერტები ავტოსფეროში კიდევ ერთ რეფორმას ითხოვენ. საუბარია ავტოსკოლების საქმიანობის ლიცენზირებაზე. იმ ფონზე, რომ საქართველოსა და რამდენიმე ქვეყანას შორის, ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება უკვე შედგა, ექსპერტები ამ რეფორმის დაჩქარებას აუცილებლად მიიჩნევენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ფონდ "პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის" დირექტორმა ირაკლი იზორიამ განუცხადა, ქართული ავტოსკოლების თანამედროვე სტანდარტებზე მორგებით, ჩვენს მართვის მოწმობას კიდევ უფრო მეტი ქვეყანა აღიარებს.

იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი და ირლანდია - ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებიც ამ დროისთვის, ქართულ მართვის მოწმობას აღიარებენ. სულ ბოლოს, ანუ მიმდინარე თვეში,  ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმება იტალიასთან შედგა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მართვის მოწმობის გადაცვლა, აღნიშნული ქვეყნების მართვის მოწმობაში, გამოცდის ჩაბარების გარეშე მოხდება.

ექსპერტების შეფასებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ავტოსკოლების საქმიანობა ლიცენზირებული არ არის.

„ქვეყანაში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, თუ რა რაოდენობის ავტოსკოლა საქმიანობს. ასევე, რამდენი ლიცენზირებული და კვალიფიციური ინსტრუქტორია. ამასთან, საქართველოში დღითი დღე მზარდია ე.წ თვითმარქვია ავტოსკოლების რიცხვი, რომლებიც მართვის მოწმობის აღებით დაინტერესებულ პირებს, ხრიკების და კოდირების გზით ასწავლიან. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც ინსტრუქტორს თავად არ აქვს მართვის მოწმობა და ისე ასწავლის“, - აღნიშნა ირაკლი იზორიამ.

ის, რომ ავტოსკოლების საკითხი არ არის მოწესრიგებული ადასტურებენ თავად ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც. „ბუკი დრაივის“ დამფუძნებელი სალომე ბუკია „ბიზნესპატნიორთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ მათ ვისაც რეგისტრაცია გავლილი აქვთ მომსახურების სააგენტოში, კონკურენციის გაწევა უწევთ ისეთ ფსევდოავტოსკოლებთან, რომლებიც არსად არ არიან რეგისტრირებულნი, შესაბამისად, არანაირ გადასახადს არ იხდიან.

„უნდა ითქვას, რომ როგორც კვალიფიციურ, ისე არაკვალიფიციურ ავტოსკოლებზე მოთხოვნა ქვეყანაში წლიდან წლამდე მზარდია. რაც შეეხება ყველაზე აქტუალურ კატეგორიებს, დიდი მომართვიანობა ავტოსკოლებში A და B კატეგორიებზეა...C და D კატეგორიებზე კი, როგორც უკვე არა ერთხელ გვითქვამს, რაც ქალაქში გავიდა გამოცდა, მოთხოვნა შემცირებულია. ზოგადადაც, მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ სივრცეში გატანის შემდეგ, ჩაჭრილების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუმცა, ქალაქში ჩაბარებული გამოცდა არ არის იმის გარანტი, რომ მართვის მოწმობა მცოდნე ადამიანის ხელში აღმოჩნდება. ამიტომ, აუცილებელია გამოცდისა და სწავლების ნაწილში ცვლილებების შეტანა“, - განმარტა სალომე ბუკიამ.

ცნობისთვის, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობების რაოდენობაში კლება შეინიშნება. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოში 6 148 მართვის მოწმობა გაიცა, რაც 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 159-ით ნაკლებია. საქართველოს მოქალაქეების გარდა, საანგარიშო პერიოდში, მართვის მოწმობები უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეზეც გაიცა. მათ შორის არიან - უკრაინის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, რუსეთის, ჩინეთის და ლიეტუვას მოქალაქეები.

გამოგვყევით