კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე მეღვინეობა „აგრიდას“ წარმოების დირექტორი, ლაშა მინდიაშვილი აცხადებს, რომ გაყიდვები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მინიმუმ 20%-ით გაიზარდა.
მინდიაშვილის ინფორმაციით, გაყიდვების ზრდა ღვინის მაღაზიების კუთხით გაფართოებამ გამოიწვია. მისი თქმით, "აგრიდას" ღვინო ამჟამად, 30-მდე ღვინის მაღაზიაშია წარმოდგენილი.
„5 წელია, რაც შიდა ბაზარზე გაყიდვები დავიწყეთ. ამჟამად, ქარხანაში 14 სახეობის ღვინოა წარმოდგენილი, ქვევრს, რაც შეეხება - 47 ქვევრი გვაქვს. ვამზადებთ, როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით. ადგილობრივ ბაზარზე, ჩვენი ღვინოები, რამდენიმე მაღაზიაშია წარმოდგენილი, მაგალითად, როგორიცაა 8 000 მოსავალი, „ალკორიუმი“ და ა.შ. მომხმარებლების დიდი ნაწილი დაახლოებით (70%) უცხოელია, უფრო მცირე ნაწილი კი (30%) ადგილობრივი. მაღაზიებში ჩვენი ღვინის ფასი 8 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს.
უცხოელებს ყველაზე მეტად „ტვიში“ და მშრალი „ცოლიკაური“ მოსწონთ. ქართველები კი, უპირატესობას მშრალ ღვინოებს ანიჭებენ („ქისი“, „ხიხვი“ და ა.შ.)“, - აცხადებს მეღვინეობა „აგრიდას“ წარმოების დირექტორი.
ლაშა მინდიაშვილის ცნობით, კომპანია ამ ეტაპზე, ჩინეთში ექსპორტისთვის ემზადება და უცხოური ბაზრის მონიტორინგს ახორციელებენ.
„ამჟამად, ექსპორტზე გვაქვს გათვლა და ვცდილობთ სხვა ქვეყნებში გავიდეთ. ამ ეტაპზე, პარტნიორების მოძიებაში ვართ და აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩინეთში გავიდეთ. ეს ყველაფერი ჩვენთვის არახალია - ღვინო უკრაინაში, რუსეთში, ბალტიის ქვეყნებში, ჰოლანდიაში გაგვქონდა. დროებითი შეჩერება კი, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა - პანდემია გვქონდა, შემდეგ უკრაინაში ომი დაიწყო....
ამავდროულად, ფასებს ბაზარზე დიდი ქარხნები ადგენენ, რესურსი აქვთ, რომ პროდუქტზე ფასი დააკლონ, ჩვენ კი, ანალოგიურად ვუპასუხოთ (ფასის დაწევა) გვიჭირს, ცხადია, ეს ყველაფერი რეალიზაციაზეც სარკისებური ეფექტით მოქმედებს, - განაცხადა ლაშა მინდიაშვილმა.
ცნობისთვის, კახეთში, სოფელ შილდაში მდებარე მეღვინეობა „აგრიდა“ 2018 წელიდან ფუნქციონირებს.