მეფრინველეობის კომპანია GPP-ის (კომპანია ქათამს და ქათმის პროდუქტებს "ნოსტეს" ბრენდით აწარმოებს) ხელმძღვანელის გიორგი ფირცხალაიშვილის განცხადებით, მიმდინარე წელი გასული წლების მსგავსად ხორცპროდუქტებზე არსებული მუდმივად მზარდი მოთხოვნით გამოირჩევა.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, მოთხოვნის გათვალისწინებით „ნოსტეს“ მაღაზიების ქსელი ფართოვდება და საფირმო მაღაზიები მთელი საქართველოს მასშტაბით ემატება.
„მიმდინარე წლის ივლისში ფართო ფორმატის და გამორჩეული კონცეფციის რიგით მეორე „ნოსტე აგრო“-ს ფილიალიც გაიხსნა - ვაკეში, ჭავჭავაძის 62 ნომერში. ამასთან, საკმაოდ წარმატებით განხორციელდა ქათმის ფარშის წარმოების პროექტი. წარმოებული პროდუქცია სრულად რეალიზდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ პროდუქტი არ არის განკუთვნილი ჩვენს ქსელში სარეალიზაციოდ, არამედ მხოლოდ B2B რეალიზაციისთვის. ამ ეტაპზე არ იგეგმება ფარშის წარმადობის მნიშვნელოვანი ზრდა“, - აცხადებს გიორგი ფირცხალაიშვილი.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს - კომპანიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ „ნოსტე“ ნახევარფაბრიკატების წარმოების დაწყებას გეგმავს, თუმცა დეტალები ჯერ განხილვის პროცესშია.
„ახალი პროდუქტების დამატებას მომხმარებლების მოთხოვნა განაპირობებს. არსებული ასორტიმენტი სრულად აკმაყოფილებს ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებს, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე განვიხილავთ სიახლეებსაც და მზად ვართ ახალი გამოწვევებისთვის. „ნოსტეს“ წარმოება სრულად მზადყოფნაშია გაითვალისწინოს სამომხმარებლო პრეფერენციები და მომხმარებლებს შესთავაზოს მათთვის სასურველი სიახლეები. ჩვენი ქსელი მუდმივად ფართოვდება, თუმცა ახლო მომავალში ახალი მშენებლობა დაგეგმილი არ არის“, - აცხადებს კომპანიის ხელმძღვანელი.
შეგახსენებთ, მეფრინველეობის კომპანია GPP-ი (ბრენდი "ნოსტე") 2018 წელს დაფუძნდა. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ქათმის ხორცის სრულ ასორტიმენტს, როგორც მთლიან ქათამს ასევე მის ნაწილებს. ასევე, „ნოსტე“-ს გაყინული პროდუქციის შეძენა შესაძლებელია სხვადასხვა ქსელურ მარკეტში.
კომპანიის საკუთრებაშია როგორც კასპის რაიონის სოფელ ახალქალაქში მდებარე საწარმო, ისე კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში არსებული ფერმა.
„ნოსტეს“ პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე კომპანიის 80-მდე საფირმო მაღაზიაში არის შესაძლებელი, რომლებიც განთავსებულია თბილისის და რეგიონების მასშტაბით. მათ შორის, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. გარდა ამისა, პროდუქციის შეძენა ასევე შესაძლებელია კომპანიის პარტნიორი კომპანიების (კარფური, გუდვილი, ორი ნაბიჯი, ნიკორა, ფრესკო) სუპერმარკეტებში. მომხმარებელს ასევე შეუძლია ისარგებლოს „გლოვოს“ მიტანის სერვისით.