აშშ-ის პრეზიდენტი ჩინეთთან ვიდეო აპლიკაცია TikTok-თან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს, მიღწეულ იქნა შეთანხმება „გარკვეულ“ კომპანიაზე, რომლის გადარჩენაც აშშ-ში ახალგაზრდებს ძალიან სურდათ.
„ევროპაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის გამართულმა დიდმა სავაჭრო შეხვედრამ ძალიან კარგად ჩაიარა! მალე დასრულდება. ასევე მიღწეული იქნა შეთანხმება „გარკვეულ“ კომპანიაზე, რომლის გადარჩენაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდებს ძალიან სურდათ. ისინი ძალიან ბედნიერი იქნებიან! პარასკევს პრეზიდენტ სი ძინპინთან ვისაუბრებ. ჩვენი ურთიერთობა ძალიან ძლიერი რჩება“, – წერს დონალდ ტრამპი.
შეგახსენებთ, აშშ–ში მიღებულია კანონი, რომლის მიხედვითაც TikTok-ის ჩინური მფლობელი კომპანია ByteDance-მა უნდა გაყიდოს მისი ამერიკული აქციების ნაწილი, ან პლატფორმა დაიხუროს. თავდაპირველად, გაყიდვის ან დახურვისთვის განსაზღვრულ ვადად დასახელებული იყო 2025 წლის 19 იანვარი. თუმცა, ეს ვადა რამდენჯერმე შეიცვალა.
ერთ-ერთი ბოლო გადავადება მოხდა 2025 წლის 19 ივნისს, როდესაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვადა 17 სექტემბრამდე გააგრძელა.