„კლიმატის ცვლილება, ჰაბიტატის დეგრადაცია და ბუნებაში მიმდინარე კიდევ არაერთი პროცესი, უარყოფად მოქმედებს სახეობებზე. დღეისათვის, დაახლოებით 7-8-ჯერ ნაკლები სახეობაა ჩვენს წყალსატევებში, ვიდრე მე-20 საუკუნის 80-იან წლებში იყო. ეს ნიშნავს, რომ შემცირებულია თევზის მარაგი. ანალოგიური შემიძლია ვთქვა ცხოველთა სამყაროს ობიექტებზეც. როცა ამ რეალობას ბრაკონიერობაც ემატება, კრიტიკულ შეუსაბამობამდე მივდივართ. სწორედ ამიტომ არის პრიორიტეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ბრაკონიერობასთან ბრძოლა და, პარალელურად, სახეობების აღწარმოებაზე და ველურ გარემოში გაშვებაზე ზრუნვა. მდინარის კალმახის აღწარმოების პროექტის შედეგად, პოპულაცია გაიზარდა. შედეგად, შეიძლება ისიც კი მივიღოთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავდგეთ რეალობის წინაშე და მდინარის კალმახი საერთოდ ამოვიღოთ „წითელი ნუსხიდან“. თუმცა, რა თქმა უნდა, ამას გარკვეული პერიოდი და შემდეგ შესაბამისი კვლევების ჩატარება დასჭირდება“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ რეგულირების ობიექტებს, რომლებიც გავლენას ახდენენ გარემოზე და საქმიანობით იწვევენ ჰაბიტატის დეგრადაციას, შემარბილებელ ღონისძიებად ევალებათ, ხელი შეუწყონ აღწარმოების ღონისძიებებს.