logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საუდის არაბეთთან ეკონომიკური ურთიერთობის დათბობა კარგია, მაგრამ ვისურვებდი კავშირები დასავლეთთან უფრო გავაღრმაოთ" - "ველეულა"

რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარე ღვინის მარნის "ველეულას" პროექტ მენეჯერის, ნინო მღებრიშვილის შეფასებით, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის, ეკონომიკური ურთიერთობის დათბობა დადებითი კონტექსტის მატარებელია, რადგან აღნიშნული ქვეყნის წარმომადგენლები მაღალმხარჯველუნარიან სეგმენტში შედიან.

როგორც ნინო მღებრიშვილი "ბიზნესპარტნიორთან" განმარტავს, სასურველია  საქართველომ კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან უფრო გააღრმაოს. 

"საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის, თუ აქტიური ურთიერთობა გააქტიურდება, კარგია. ზოგადად, რაც უფრო ბევრ ქვეყანასთან გვექნება სტრატეგიული ურთიერთობა, მით უკეთესი. ამასთან, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ვისურვებდი უფრო დასავლეთის ქვეყნებთან გავაღრმაოთ კავშირები. ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის, რაც უფრო მეტი პარტნიორი და ინვესტორი გვეყოლება, რა თქმა უნდა, სასარგებლოა.

ჩვენი მიმართულებით, რომ გესაუბროთ - მუსულმანური ქვეყნების წარმომადგენლები ღვინოს ნაკლებად მოიხმარენ, თუმცა აღნიშნული სეგმენტი მაღალმხარჯველუნარიანია, შესაბამისად, თემა კომპლექსური საკითხი გახლავთ. ფაქტი, რომ ალკოჰოლს არ მოიხმარენ ჩვენთვის ნიშანდობლივია", - აცხადებს მარნის წარმომადგენელი.

ცნობისთვის, საქართველოსა და საუდის არაბეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე "ბიზნესპარტნიორთან" "მერებაშვილის მამულის" დამფუძნებელმაშალვა მერებაშვილმაც ისაუბრა. ტურისტული ობიექტის წარმომადგენლის შეფასებით, საუდის არაბეთიდან ეკონომიკური ურთიერთობების დათბობა, თუ ქვეყანაში მასობრივი ტურისტების შემოდინებას გამოიწვევს, შესაძლოა, სარგებლის მომტანი არ იყოს.

როგორც მეღვინე განმარტავს, საქართველო აზიის შვეიცარიად უნდა დარჩეს, ხოლო ევროპელებისთვის აღმოსავლეთ ევროპის უნიკალურ ქვეყნად.

შეგახსენებთ, რომ 8 ოქტომბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრის მოადგილეს, ფარი ალ გარნის შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში გაიმართა, ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა  თანამშრომლობაზე ინვესტიციების სფეროში. მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი საინვესტიციო შესაძლებლობების განვითარებისა და შესაბამისი შეთანხმების გაფორმების მიმართულებით მუშაობის დაწყების საკითხები.

ამასთან, ღვინის მარანი "ველეულა" რაჭაში, ამბროლაურის რაიონ სოფელ ძირაგეულში მდებარეობს, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს. ტურისტულ ობიექტს საკუთარი ვენახები გაშენებული ძირაგეულში და საკეციაში აქვს, რომლის ფართობი 2 ჰექტარს მოიცავს.

გამოგვყევით