logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

"ველით, რომ 2025 წელს ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წელს, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება" - მარიამ ჭანტურია

ველით, რომ 2025 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 4% იქნება, ხოლო 2026 წელს, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს დასტაბილურდება და საშუალო წლიური ინფლაცია 3.5% იქნება. თუმცა მაღალი გაურკვევლობაა და შესაძლებელია ამ სცენარიდან გადავიხაროთ, - ამის შესახებ სებ-ის მონეტარული პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ ჭანტურიამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი ინფლაცია ამ ეტაპზე მიზნობრივ დონეს აღემატება და 5.2%-ს შეადგენს, ამის მიზეზი ძირითადად სურსათის ფასების ზრდაა.

"მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ განაკვეთი, უცვლელად, 8%-ზე შეენარჩუნებინა. კომიტეტის გადაწყვეტილება ეფუძნება როგორც მიმდინარე მაკროეკონომიკური მდგომარეობის ანალიზს, ისე სცენარებს. მიმდინარე მონაცემებში მთლიანი ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება და 5.2%-ია, თუმცა მნიშვნელოვანია რა ფაქტორები განაპირობებს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრას. კომპონენტების ჭრილში თუ შევხედავთ დავინახავთ, რომ მთავარი კონტრიბუტორი იყო სურსათის ინფლაცია - 3.7%. თუ შევხედავთ რა ზრდის სურსათის ინფლაციას ვნახავთ, რომ ეს მეტ წილად არის მონეტარული პოლიტიკისგან დამოუკიდებელი ფაქტორები. სამ ძირითად კომპონენტს გამოვყოფდი. პირველი: გასული წლის დაბალი საბაზრო ეფექტი, მეორე - ეგზოგენური ფაქტორები, ხოლო მესამე - ცალკეულ პროდუქტზე ფასის ერთჯერადი კორექტირება მოხდა და ჯამში ამან სურსათის ინფლაცია გაზარდა.

ეროვნული ბანკის ანგარიშში აქვეყნებს სამ სხვადასხვა სცენარს. პირველი არის ცენტრალური საპროგნოზო სცენარი და დამატებით 2 ალტერნატიული სცენარი. ცენტრალური სცენარი მოიაზრებს სწორედ იმ დაშვებას, რომ სურსათის ფასების პირველადი ზრდა არ გადაიზრდება მეორე რაუნდის ეფექტებში. ეს ნიშნავს იმას, რომ იგი არ გადაეცემა და დამატებით არ გაზრდის სხვა ტიპის მომსახურების ფასებს", - აცხადებს მარიამ ჭანტურია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2025 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად შეინარჩუნა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.0 პროცენტს შეადგენს. 

რაც შეეხება ინფლაციას - 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2%  შეადგინა. 

გამოგვყევით