სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას შეფასებით, მნიშვნელოვანია მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტი დროულად შეიქმნას, რადგან ქვეყანა მეტად ენერგოდამოუკიდებელი გახდეს.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" სექტორის წარმომადგენელი აღნიშნავს, საქართველოში ელექტროენერგია წლიდან წლამდე საშუალოდ 3.7%-ით იზრდება.
"ენერგეტიკის მოხმარება ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რადგან ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, მეორე მხრივ კი ელექტრომობილების, ხელოვნური მოწყობილობების ზრდაა. აქედან გამომდინარე, ახალი სექტორები გაჩნდა, რომლებიც ელექტროენერგიას მასიურად მოიხმარს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება, განსხვავებული არც 2024 წელი იყო.
ამავე პერიოდში საქართველოს ჭარბი ენერგია მეზობელ თურქეთსა და სომხეთში გაჰქონდა. ბოლო 10 წლის ტენდენცია რომ ავიღოთ, დინამიკა უცვლელია, წლიდან წლამდე საშუალოდ 3.7%-მდე ზრდა ფიქსირდება. საქართველოში მაღალი ეკონომიკური ზრდა მომავალშიც შენარჩუნდება, ამასთან ენერგიატევადი დარგები ვითარდება, ამიტომ მნიშვნელოვანია მეტი ადგილობრივი გენერაციის ობიექტი დროულად შევქმნათ - უფრო ენერგოდამოუკიდებლები უნდა გავხდეთ", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, როგორც Galt & Taggart-ის კვლევაშია ნათქვამი 2025 წლის 9 თვეში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაცია წლიურად 8.6%-ით შემცირდა და 6.6 ტვტ.სთ შეადგინა.
ჰიდრო გენერაცია - წლიურად 8.5%-ით 8.7 ტვტ.სთ-მდე შემცირდა. კლება რეგულირებული სადგურების გენერაციის შემცირებამ გამოიწვია. ეს კი გამოწვეული იყო - დაგეგმილი სარემონტო სამუშაოებით, ჰიდროლოგიური პირობებით და იანვარში, ენგურის რეზერვუარში არსებული დაბალი წყლის დონით.
თბოგენერაცია - მნიშვნელოვნად, წლიურად 9.7%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული ექსპორტის შემცირებით და იმპორტის ზრდით გახლდათ.
ქარისა და მზის სადგურების გენერაცია - 65 გვტ.-ს მიაღწია, რამაც 2025 წლის 9 თვეში გენერაციის 0.6%-ი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის მესამე კვარტალში ტესტირების რეჟიმში 3 მზის ელექტროსადგური, 10 მგვტ-მდე დადგმული სიმძლავრით ამუშავდა. ესენია: "ელ-ჰაბის" კასპის მზის სადგური და "ალაზნის მზის" სადგურები ხორსასა და გურჯაანში. აღნიშნული ობიექტები საქართველოს პირველ ინდუსტრიული მასშტაბის მზის ელექტროსადგურებს წარმოადგენს.