მოთხოვნა ყოველდღიურად იზრდება, ყველაზე პოპულარული მიმართულებები იოგა და პილატესია, - ამის შესახებ მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღების სივრცე - "მანდალას" დამფუძნებელმა ელა არაქალიანმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 47%-ით გაიზარდა, რაც ადასტურებს იმას, რომ ისინი ძალიან კარგ და საჭირო საქმეს ემსახურებიან.
"ჩვენი სტუდია მომხმარებლებს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. მათ შორისაა: იოგის 6 მიმართულება, პილატესის 3 მიმართულება, ბოდი ბალეტი, ციგუნი, ქართული ცეკვა, High Heels – პლასტიკა და იმპროვიზაცია, სადჰუს დაფის პრაქტიკა, არტ-თერაპია, საუბრები "მანდალაში", მასაჟი, ფსიქოთერაპიის სესიები და სტეპ აერობიკა. ეს არის სივრცე ქალებისთვის. ჩვენი დევიზია - "შენი დრო შენთვის". ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რომ ქალმა დღეში 1 საათი საკუთარ თავს დაუთმოს, შეიცნოს საკუთარი სხეული და შეიყვაროს ის.
საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა. მოთხოვნის ზრდას ვუკავშირებ იმას, რომ ადამიანები ჩიხურ მდგომარეობაში შევედით. იქ სადაც ფიზიოლოგიური რესურსები და შესაძლებლობები მაქსიმალურ ამოწურვამდე მიგვყავს - შემდეგ გვახსენდება, რომ სხეული რაღაცით უნდა გამოვაცოცხლოთ. აღნიშნულის გარდა, სოციალურ ქსელებში ჩვენი სერვისის მიმართ პოპულარობის ზრდამ კიდევ უფრო მეტად დააინტერესა საზოგადოება და ჩვენც ვცდილობთ, რომ ტენდენციებს მივყვეთ", - აცხადებს ელა არაქალიანი.
ცნობისთვის, მენტალური და ფიზიკური გაჯანსაღების სივრცე "მანდალა" ბაზარზე 3 წლის წინ გამოჩნდა. კომპანიას, ამ ეტაპზე 2 ფილიალი აქვს. მათი სპეციალისტების ნაწილს შესაბამისი კვალიფიკაცია საქართველოში აქვთ მიღებული, ხოლო ნაწილი საზღვარგარეთ, კერძოდ, ინდოეთში გადამზადდნენ.