logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ქართული ჟოლოს ღვინო - "ნაჟური" პირველ ექსპორტს პოლონეთში განახორციელებს

100%-ით ორიენტირებულები ვართ უცხოურ ბაზარზე და კერძოდ, პოლონეთზე. მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, მიმდინარე წელს პირველ ექსპორტს პოლონეთში განვახორციელებთ, - ამის შესახებ ჟოლოს ღვინო "ნაჟურის" მწარმოებელი მეღვინეობა "ძელქვისის" - დამფუძნებელმა მიხეილ ვაშაკიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის 100%-ით ბიო ღვინო, რომელსაც 6-წლიანი მუშაობის შემდეგ, 2023-2024 წლებში, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან აკრედიტებულმა საერთაშორისო ლაბორატორიამ პროდუქტს წითელი მშრალი ღვინის სტატუსი ოფიციალურად მიანიჭა.

"პროდუქტზე მუშაობა, დაახლოებით, 7 წის წინ დავიწყეთ. მსოფლიოში არსებობს ჟოლოს, ბროწეულის, ალუბლის და ა.შ. ღვინო, რომელიც ბახუსისთვის ეთილს იმატებს. ჩვენი სურვილი იყო, რომ 100%-ით ბიო ღვინო მიგვეღო, ანუ ჩვენი ჟოლოს მოსავალი იგივე პროცესს გადის რასაც ყურძენი.

სრულად ბიო პროცესს მივყვებით, არც კი ვფილტრავთ. ჩვენ მივმართავთ ძველ ქართულ ტრადიციულ მეთოდს - ეს არის ყინვის ფილტრაცია, ველოდებით ხოლმე ზამთარს და შესაბამისად, ეს პროცესი სანამ არ გაივლის, მარტის თვემდე, ღვინის ჩამოსხმა და დამზადება ვერ ესწრება", - აცხადებს მიხეილ ვაშაკიძე.

მისი ინფორმაციით, საქართველოში მცირე მწარმოებლებს კონკურენციის გაწევა უჭირთ, რადგან HoReCa-სა და საცალო ქსელებში ძირითადად დიდი კომპანიები არიან წარმოდგენილები.

"ადგილობრივ ბაზარზე ძალიან ცუდი სიტუაციაა, HoReCa და სხვა სეგმენტში დიდ კომპანიები არიან წარმოდგენილები და პატარა კომპანიებს საშუალება არ ეძლევათ. რაც შეეხება ქსელურ მარკეტებში შესვლას - ჩვენი რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე სერიული წარმოება არ გამოდის", - აცხადებს მეღვინეობის დამფუძნებელი.

მიხეილ ვაშაკიძემ ყურადღება დაპატენტების სირთულეზეც გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი პროდუქტის ანალოგი ვერ მოიძებნა, თუმცა პატენტის აღება ხანგრძლივი და ძვირადღირებული პროცესია.

"სამწუხაროა, რომ ჩვენ საქპატეტს მივმართეთ, რომლებმაც იმუშავეს და ვერ მოიძიეს, რომ ჩვენი პროდუქტის ანალოგი. თუმცა პატენტის მიღების პროცესი საკმაოდ ძვირია და თან 2 წელიწად-ნახევარი გრძელდება, რაც დიდი დროა. ჩვენ შვეიცარიაში გვითხრეს, რომ ისინი 3 თვეში გაგვიკეთებდნენ მსოფლიო პატენტს, თუმცა სურდათ შვეიცარიული წარმოების სახელით გამოვსულიყავით, რაზედაც უარი ვთქვით", - აღნიშნა მიხეილ ვაშაკიძემ.

ცნობისთვის, მეღვინეობა "ძელქვისი" თერჯოლის რაიონის, სოფელ ღვანკითში მდებარეობს. ჟოლოს პლანტაცია 1 ჰა-ზეა გაშენებული და წლიურად, დაახლოებით, 460 ბოთლი ჟოლოს ღვინო იწარმოება.

გამოგვყევით