თბილისში მშენებარე მრავალფუნქციური კომპლექს "სითიზენის" პროექტში "თაუერსის" მშენებლობა წლის ბოლოდან დაიწყება, , - ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორს" IG Development-ის შვილობილი კომპანიის City Development-ის დირექტორმა გოგა მაჭავარიანმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, "თაუერის" მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართებთან ერთად, კომერციული სივრცეები იქნება განთავსებული, სავარაუდოდ, 2028 წელს დასრულდება.
რაც შეეხება პროექტში შემავალ A,D,B,C ბლოკებს, რომლის მშენებლობაც 2026 წლის დეკემბერში დასრულდება - როგორც გოგა მაჭავარიანი აცხადებს, აქ ფართების დაახლოებით, 75% უკვე გაყიდულია.
მანვე აღნიშნა, პროექტში ფართს ძირითადად, ადგილობრივები ყიდულობენ.
ცნობისთვის, თბილისში, ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი შტაბ-ბინის (ზაკვოს) ნაცვლად მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა გრძელდება. პროექტი ოთხი ბლოკისგან და ერთი „თაუერისგან“ შედგება. პროექტი 46 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება და ძირითადად მოიცავს საცხოვრებელ სივრცეს, თუმცა გათვალისწინებულია კომერციული და საოფისე ფართებიც. აღნიშნული პროექტის საინვესტიციო ღირებულება 300 მლნ დოლარია.
ასევე, პროექტი მოიცავს გასართობ თუ გამაჯანსაღებელ სივრცეებს, გარდა ამისა, ცენტრალური უბნისთვის უპრეცედენტო ზომის გამწვანებულ ტერიტორიას. საპარკინგე სივრცეები მიწის ქვეშ იქნება განთავსებული და ადგილზე განთავსდება ხელოვნური ტბაც.
შეგახსენებთ, აღნიშნული ტერიტორია "თიბისი ბანკის" საკუთრებას წარმოადგენდა და იქ საფინანსო ინსტიტუტი სათაო ოფისის მშენებლობას გეგმავდა.