მიკრობანკების ზრდის ტემპი დაჩქარდა. 2025 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით, ბაზარზე არსებული ორი მიკრობანკის მთლიანი აქტივები 800 მილიონ ლარს აჭარბებს.
როგორც MBC-ის რისკების დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, მიკრობანკების ზრდის ტემპი საშუალოდ 21-22 პროცენტს შეადგენს, რაც დადებითი დინამიკის მაჩვენებელია.
„საკმაოდ კარგი ზრდა გვაქვს პირველ ორ კვარტალში. მთავარი შესაძლებლობა, რითაც ეს კომპანიები განსხვავდებიან მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისგან, ესაა მომხმარებლებისთვის დეპოზიტების შეთავაზება. საკმაოდ კარგი ტემპით დაიწყეს მიკრობანკებმა ამ ბაზარზე შესვლა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ დეპოზიტების ბაზარზე ამ სექტორის მაღალი აქტივობა გაგრძელდება“,-აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
ამასთან, ეროვნული ბანკის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მიკრობანკებში უკვე 19 მილიონი ლარის დეპოზიტია განთავსებული.
„მიკრობანკები მხოლოდ დაზღვეულ დეპოზიტებს გასცემენ, რაც ნიშნავს იმას რომ დაზღვეული დეპოზიტების რისკი მიკრობანკში განთავსების და ბანკში განთავსების არის ერთი და იგივე, თუმცა მიკრობანკებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავიანთ კლიენტებს უფრო მაღალი სარგებელი შესთავაზონ. ეს ტენდენცია გაგრძელდება და შემდგომშიც, მიკრობანკების მიერ შეთავაზებული დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები იქნება უფრო მაღალი, ბანკებთან შედარებით“-აღნიშნა ნინო დევდარიანმა.
მიკრობანკების წმინდა მოგება 2025 წლის პირველი შვიდი თვის განმავლობაში 15 მილიონი ლარია. ბაზარზე ამ დროისთვის ორი მიკრობანკი, „კრისტალი” და MBC ოპერირებს.