"გონივრულმა და დაბალანსებულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ ქვეყანაში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა განაპირობა, რის შედეგადაც ეკონომიკა გაორმაგდა და ამჟამინდელი მაჩვენებლით - პირველად 100 მილიარდ ლარს გადააჭარბა," - ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა ეკონომისტის დღესთან და ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებულ სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართვისას განაცხადა.
მისივე განცხადებით, რეალისტური მოლოდინია, რომ 2025 წლის ბოლოს მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 10 ათას დოლარს მიაღწევს. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება იმისკენ, რომ უახლოეს წლებში საქართველო მაღალშემოსავლიანი ქვეყანა გახდეს.
"თუმცა, ზრდის შენარჩუნება და გაძლიერება, პირველ რიგში, გლობალური ცვლილებების შედეგად გამოწვეული შესაძლებლობების სწორ იდენტიფიცირებას მოითხოვს და მათ თანხვედრას ეროვნული ეკონომიკის შესაძლებლობებთან. ამ მიმართულებით, ცხადად იკვეთება ქვეყნისთვის სტრატეგიული ეკონომიკური სექტორები: ენერგეტიკა, ლოჯისტიკა, ტურიზმი, დეველოპმენტი და მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიები“, - აღნიშნა შოთა ბერეკაშვილმა.