ეროვნულ საქორწილო სამოსზე ხანდახან იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ მომსახურებას ვერ ვასწრებთ, - ამის შესახებ ქართული ეროვნული საქორწილო სამოსის მწარმოებელ კომპანია "მარადიულში" აცხადებენ.
მათივე ცნობით, ყველაზე დიდი რაოდენობის შეკვეთები შემოდგომის პერიოდზე მოდის.
"აქტიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, უფრო მეტი და მრავალფეროვანი არჩევანი შევთავაზოთ მომხმარებლებს. ჩვენი მომხმარებლების უმრავლესობა ქართველები არიან, თუმცა უცხოელი მომხმარებელიც გვყოლია. მოთხოვნა ძირითადად, კაბების ქირაობაზეა", - აცხადებენ კომპანიაში.
მათი განცხადებით, ეროვნულ სამოსზე მოთხოვნა წლიდან წლამდე, მზარდია.
ამასთან, "მარადიულში" აღნიშნავენ, რომ სამომავლოდ კომპანია რეგიონების მიმართულებით გაფართოებას გეგმავს, რადგან ძალიან დიდი დაინტერესებაა.
ცნობისთვის, ქართული ეროვნული საქორწილო სამოსის მწარმოებელი კომპანია "მარადიული" ბაზარზე აქტიურად 5 წლის წინ გამოჩნდა. კომპანია თბილისში 1 ბრენდულ მაღაზიას ფლობს.