"ბადიში" გასტროტურიზმის მიმართულებით ვითარდება - ინტერესი უცხოელების მხრიდან არის , - ამის შესახებ კომპანია "ბადიშის" დამფუძნებელმა გიორგი ჩხაიძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, "ბადიშის" პროდუქციის მიმართ მოთხოვნა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით, 20%-ით არის გაზრდილი.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პროდუქცია რამდენიმე ქსელურ მარკეტსა და ადგილზე, გურიაში იყიდება. ამჟამად, გადავწყვიტეთ, რომ უფრო ტურისტული მიმართულებით განვვითარებულიყავით.
რამდენიმე თვეა, რაც დავამატეთ მასტერკლასები როგორც აჯიკების, სოუსების, ისე გურული კერძების. შესაბამისად, ადგილზე მოსულ სტუმარს შეუძლია ჩვენი პროდუქციის შეძენა და ასევე,დამზადების პროცესში ჩართვა. გურიის რაიონში ტურისტული მიმართულება განვითარებული არ არის, თუმცა მიუხედავად ამისა, ჩვენს მასტერკლასებზე მოთხოვნა ნამდვილად არის. აღსანიშნავია, რომ პროდუქციის დეგუსტაციაზე და შესაძენად ქართველები გვსტუმრობენ, თუმცა მასტერკლასების მიმართულებით დაინტერესებულები ძირითადად ევროპელები და ამერიკელები არიან", - აცხადებს გიორგი ჩხაიძე.
კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "ბადიში" ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და ექსპორტი მიმართულებით განვითარებას ჯერჯერობით არ გეგმავს.
კომპანია „ბადიში“ საოჯახო ბიზნესია, რომელიც გურიაში მდებარეობს და ბაზარზე 2019 წელს გამოჩნდა. კომპანია კერძებისთვის ქართულ გემოებს აწარმოებს. მათ შორისაა, აჯიკა და საწებელი. შეგახსენებთ, „ბადიში“ "პირველი არხის" სატელევიზიო შოუ "შარქ თენქ საქართველოს" მონაწილეცაა.