ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა კომპანია TAV Airports-ს საქართველოში საქმიანობის 20 წლის იუბილე მიულოცა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა კომპანიის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ მენეჯმენტს და თანამშრომლებს საქართველოს საავიაციო სექტორის გაძლიერებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ავიაციის ინდუსტრიას, სამოქალაქო ავიაციას გააჩნია ძალიან მნიშვნელოვანი, საკვანძო როლი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ დღეს ამაყები ვართ, რადგან ერთად ვუყურებთ ავიაციის ინდუსტრიის, სამოქალაქო ავიაციის უპრეცედენტო ზრდის დინამიკას. ეს კი ერთობლივი ძალისხმევით, სწორი სტრატეგიით, ხედვით, სამოქმედო გეგმით და მისი ერთობლივი აღსრულებით შევძელით. ჩვენი თანამშრომლობა კერძო და საჯარო სექტორების ძალიან კარგი და წარმატებული მაგალითია“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, საქართველოში პირველად, დღესდღეობით 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით 70-ზე მეტი საერთაშორისო ავიაკომპანია ოპერირებს, რაც დივერსიფიკაციის პოლიტიკაზე დაფუძნებული სტრატეგიის შედეგია და უკვე ასახულია მგზავრთნაკადის და პირდაპირი ფრენების მონაცემებში, მათ შორის ევროპის მიმართულებებით. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს სამი საერთაშორისო აეროპორტიდან შესრულებული 120-ზე მეტი მიმართულებიდან, დაახლოებით 37 პროცენტი მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში ევროპის მიმართულებით სრულდება.
„ევროპის ქვეყნები გამორჩეული, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის, უშუალოდ ტურიზმის, ისევე როგორც პირდაპირი რეისების მოზიდვის კუთხით. სწორედ ეს არის თანმიმდევრული პოლიტიკის ხელშესახები შედეგი. ერთად შევძელით და გასული წლის ბოლოს საქართველოში შემოვიყვანეთ ისეთი გლობალური ბრენდები, როგორიცაა „ბრიტიშ ეარვეისი“ და „იზიჯეტი“. ამით ქვეყანას შევმატეთ ახალი, მდგრადი, სტაბილურად და საკმაოდ სწრაფად მზარდი პირდაპირი მიმართულებები, რომლებიც აგენერირებს დამატებით მსყიდველუნარიან ტურისტულ ნაკადებს. ეს შემდგომში, პირდაპირპროპორციულად ისახება ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში - როგორც აეროპორტში, ისე აეროპორტს გარეთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ზრდის ქვეყნის ბიუჯეტის შემოსავლებს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, დივერსიფიკაციის პოლიტიკა დაფუძნებულია სწორ მარკეტინგულ კამპანიებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეს კომპლექსურად ჩატარებული სამუშაო 2024 წელს ტურიზმის ინდუსტრიიდან მიღებულ 4,4 მილიარდ აშშ დოლარის რეკორდულ შემოსავალში აისახა.
„მიმდინარე წელი ასევე განსაკუთრებით წარმატებულია - რეკორდულია შემოსავლები ტურიზმიდან, ასევე რეკორდულია ტურისტული ნაკადების ზრდის დინამიკა. 2025 წელს მგზავრთნაკადის მონაცემებმა უკვე რეკორდულ 5,6 მილიონს გადააჭარბა. ჩვენი ხელისუფლება განაგრძობს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ქვეყნის ტრანსპორტის სექტორის განვითარებას ემსახურება“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს დიპლომატიური კორპუსის, ავიაციის სექტორის, TAV Airports-ისა და Groupe ADP-ის წარმომადგენლებმა.