ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკიდან გამომდინარე, უმოქმედო სესხების წილით ერთ-ერთი გამორჩეულად დაბალი მაჩვენებელი გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით, დაახლოებით, 2.6%-ია უმოქმედო სესხების წილი, რაც დაკრედიტების სიჯანსაღის შეფასების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.
გარდა ამისა, მან ლარის კურსის ტენდენციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კურსზე მოქმედი ფაქტორები პოზიტიურად აისახება მის ტენდენციაზე.
"საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი და ლარის კურსს მაკროეკონომიკური ფუნდამენტური მდგომარეობა აყალიბებს. რა თქმა უნდა, ლარის კურსზე ასევე, საგარეო მდგომარეობა აისახება. თუნდაც ის, რომ დოლარის პოზიცია სხვა ვალუტების მიმართებით შესუსტდა.
რაც შეეხება მოლოდინებს - მოლოდინებიც ახდენს ლარის კურსზე მოკლევადიან გავლენას. მოლოდინების თვალსაზრისით, ყველაზე კარგი ინდიკატორია, თუ რა ტენდენციაა დეპოზიტების დოლარიზაციის მიმართულებით და ამ კუთხითაც ივლისის მონაცემებით, 3%-ით არის შემცირებული", - აცხადებს თამთა სოფრომაძე.