logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

სუბსიდირების მოდელიდან რადიკალური გამოსვლა 100 ათას ტონაზე მეტ ყურძენს ჩაუბარებელს დატოვებს - ლევან მეხუზლა

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, რთველის პროცესში სახელმწიფოს ჩარევა წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ხორციელდება.

მისი თქმით, ერთი წლის განმავლობაში არსებული მოდელიდან რადიკალურად გამოსვლა შესაძლოა მნიშვნელოვანი მოცულობის ყურძნის ჩაუბარებლობისა და ბაზარზე ფასის მკვეთრი ვარდნის მიზეზი გახდეს.

"აქედან რადიკალურად გამოსვლა დაახლოებით 100 ათას ტონაზე მეტი ყურძნის  ჩაუბარებლობას გამოიწვევს. ან ამ რაოდენობას თუ თავისუფალ ბაზარზე გავუშვებთ, ფასის ვარდნას. წარმოიდგინეთ, როდესაც ბაზარზე ყურძენი ჭარბი რაოდენობით შევა, ეს რას გამოიწვევს, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ფასით უკმაყოფილოები არიან ფერმერები", - აცხადებს ლევან მეხუზლა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში. 

მეხუზლას განმარტებით, მეორეს მხრივ, სახელმწიფოს მიერ ყურძნის ნებისმიერი ფასის შენარჩუნებაც პრობლემურია, რადგან ამან შესაძლოა მევენახეებს რაოდენობის გაზრდისკენ უბიძგოს და წარმოებაში ხარისხის ფაქტორმა უკანა პლანზე გადაიწიოს.

"ვფიქრობ, მოდელი, რომელიც ერთი მხრივ სოციალურ და მეორე მხრივ, ხარისხის ფაქტორს ითვალისწინებს, პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ რამდენიმე წლის პერსპექტივაში სახელმწიფოს რთველის პროცესში ამგვარი რადიკალური ჩარევა აღარ დასჭირდეს", - აღნიშნა მეხუზლამ. 

ცნობისთვის, ჩასაბარებელი ყურძნის ფასში მთავრობამ ცვლილება შეიტანა - გადაწყვეტილება უხვ ნალექს და ყურძნის შაქრიანობის შემცირებას უკავშირდება. ახალი ფასების მიხედვით, 20 გრადუსიდან ზემოთ საფერავის ფასი ლარი და 50 თეთრი იქნება, 19 გრადუსიდან ზემოთ - რქაწითელისა და სხვა ჯიშების კი ლარი და 30 თეთრი. რაც შეეხება დაბალკონდიციურ 16 გრადუსამდე ყურძნის ფასს, 50 თეთრით განისაზღვრა, ჰიბრიდული ჯიშების შემთხვევაში კი 30 თეთრით. 

გამოგვყევით