ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლა მიიჩნევს, რომ მევენახეობის სფეროში თანამედროვე ცოდნისა და მიდგომების გაძლიერებაა საჭირო.
მისი თქმით, მევენახეებს თაობებიდან მიღებული გამოცდილება აქვთ, თუმცა გარემო პირობების ცვლილების ფონზე, არსებული ცოდნის განახლება და თანამედროვე რეალობასთან მორგება აუცილებელია.
„მევენახეებში თანამედროვე განათლების და თანამედროვე მიდგომების პრობლემაა.ემპირიული ცოდნა და თაობებით დაგროვილი გამოცდილება ნამდვილად არის და ვხედავთ ამას, თუმცა აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რომ კლიმატის ცვლილებაა. მოცემულობები იცვლება, მყინვარებს რა პრობლემები აქვს და ვხედავთ, როგორ მოქმედებს ეს ქართულ მიკროკლიმატზე, მიკროზონებზე, შესაბამისად, ამ განათლებასაც და ამ ცოდნასაც სჭირდება განახლება", - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
მეხუზლა პესტიციდების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზეც საუბრობს. მისი განმარტებით, პესტიციდების სწორი და ზომიერი მოხმარება მცენარეს დაავადებებისგან იცავს, თუმცა გადამეტებულმა გამოყენებამ შესაძლოა ყურძნის დამწიფების პროცესზე უარყოფითად იმოქმედოს.
„პესტიციდი იმდენად ყურძნის შაქრიანობასთან არ არის კავშირში, რამდენადაც მისი სწორი და ზომიერი მოხმარება იცავს დაავადებებისგან, პირიქით, გადამეტებული მოხმარება შესაძლოა გახდეს იმის მიზეზი, რომ ყურძენი ვეღარ დამწიფდეს,"-აცხადებს მეხუზლა.
მეხუზლას თქმით, სწორედ ხარისხზე ორიენტირებაა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფომ რთველის პროცესში არსებული მიდგომების შეცვლა დაიწყო.
მისი განცხადებით, ნებისმიერი ხარისხის ყურძნის ერთიანი ფასით ჩაბარება ფერმერებს არასწორ მოტივაციას აძლევს. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ ფასის ხარისხთან, მათ შორის ყურძნის შაქრიანობასთან დაკავშირება მიზნად ისახავს, რომ მწარმოებლებმა მეტი ყურადღება სწორედ ხარისხს მიაქციონ.
„ნებისმიერი ხარისხის ყურძნისგან სახელმწიფო ამზადებს სპირტს, სახელმწიფო პრინციპულად არ ერევა ღვინის სექტორში და ღვინის ბიზნესში. ეს ჩვენი რეგულაციებიც, ხარისხზე მიბმა, შაქრიანობის, შემოვიღეთ იმიტომ, რომ ამან სწორი გავლენა მოახდინოს ფერმერთა მოტივაციაზე და ღვინის ბიზნესზე მათ შორის", - აცხადებს ლევან მეხუზლა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში.
მეხუზლას თქმით, ხარისხზე ორიენტირების აუცილებლობა უკვე ჩანს პრაქტიკაშიც. მისი ინფორმაციით, წლევანდელი რთველის სტატისტიკის მიხედვით, 17 გრადუსზე დაბალი შაქრიანობის მქონე საფერავი დაახლოებით 30 ტონა იყო, რაც მთლიანი მოცულობის დაახლოებით 0.1%-ს შეადგენს.