logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

საქპატენტი "ბოლნისის ახალი კარტოფილის"  შესახებ სტატიას აქვეყნებს

საქპატენტი "ბოლნისის ახალი კარტოფილის"  შესახებ სტატიას აქვეყნებს

1757595256

გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საქპატენტი „ბოლნისის ახალი კარტოფილის"  შესახებ სტატიას აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის ახალი კარტოფილი“  საქპატენტში 2024 წლის 19 დეკემბერს არის რეგისტრირებული.

"როგორ უნდა ამოვიცნოთ, რომ დახლზე გასაყიდად გამოტანილია უმაღლესი ხარისხის, ბოლნისის ახალი კარტოფილი? პასუხი მარტივია: თვალის ერთი შევლებით! საუკეთესო კარტოფილის შერჩევაში რომ არ მოვტყუვდეთ, უნდა ვფლობდეთ ინფორმაციას, თუ რა გარეგნული ნიშან-თვისებებით გამოირჩევა ეს პროდუქტი.მაშ ასე, ბოლნისის ახალი კარტოფილი მცირე ზომის ნედლი პროდუქტია. მას უნდა ჰქონდეს მომრგვალო, ოვალური, ან ოვალურ-წაგრძელებული ფორმა. რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს თხელი, ნაზი და გლუვი კანი, რომელსაც არ ექნება არანაირი დეფექტი. ვინაიდან ახალი კარტოფილია, ფერიც ბაცი-მოყვითალო აქვს და არ უნდა შეგვეშალოს საკმარისად გამუქებული ფერის კარტოფილში. უმწიფრობის გამო, თუ მას სიმწვანე ექნება შეპარული, უნდა გავითვალისწინოთ, რომ კარტოფილის მთლიანი წონის მხოლოდ 5% უნდა იყოს გამწვანებული.

აი, ამ ნიშნებით შერჩეული კარტოფილი გარანტირებულად იქნება გემრიელი და, რაც მთავარია, ექნება მიწისა და თხილისთვის დამახასიათებელი ძლიერი სურნელი, რომელიც ხანგრძლივად შენარჩუნდება. სწორედ ეს სურნელი და სასიამოვნო გემო გამოარჩევს ბოლნისის ახალ კარტოფილს სხვა სახეობებისგან.უშუალოდ ბოლნისელები მას „საადრეო კარტოფილსაც“ ეძახიან. სრულიად დამსახურებულადაც, რადგან ეს კარტოფილი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველაზე ადრე მოდის და ახალი კარტოფილის სეზონი სწორედ ბოლნისის მოსავლით იხსნება. წარმოების გეოგრაფიული არეალი, რომელიც ზღვის დონიდან 550 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს, ძირითადად, ვაკეებითაა წარმოდგენილი. კარტოფილის ადრიან მომწიფებას ხელს უწყობს ადგილობრივი კლიმატი მშრალი სუბტროპიკული ჰავით, ზომიერად ცივი ზამთრითა და ხანგრძლივი ზაფხულით. ეს გარემო იდეალურ პირობას ქმნის იმისთვის, რომ ზამთრის დასრულებისთანავე, ნიადაგმა ადრეულად დაიწყოს გათბობა. ადვილად დრენაჟირებად და დასამუშავებლად მარტივ, რბილ მიწას მინიმუმამდე დაჰყავს მოყინვის ალბათობა, ასევე, მიწის ზედა ფენა ადრიანად თბება და მოსავალიც სწრაფად მოდის. ნახიდური, ჭაპალა, სამტრედო, ფარიზი, ცურტავი, სავანეთი, ხიდისყური და მამხუტი - ეს სოფლებია გაშენებული ზუსტად იმ კლიმატურ ზონაში, რომელიც იდეალურია საადრეო კარტოფილის დასათესად. აქაური მოსახლეები და მეწარმეები შესაბამისად არიან დახელოვნებულნი ახალი კარტოფილის მოყვანაში. მთელი პროცესი, რაც კარტოფილს დათესვიდან მოსავლის აღებამდე სჭირდება, მუშაობასთან ერთად, სპეციალურ ცოდნას საჭიროებს.

ფერმერმა ზუსტად უნდა იცოდეს ნიადაგის სათანადო მომზადება, თესლის დარგვის ვადების განსაზღვრა. როგორც კარგი დიასახლისი იტყვის ხოლმე, რომ კერძის მომზადებისას მთავარია „თვალის ზომა“, ზუსტად იმავენაირად, სიტყვით აუხსნელი შეგრძნებები სჭირდება ბოლნისელ ფერმერს, რათა ზუსტად იგრძნოს და მიხვდეს როდის უნდა დათესოს, ანუ როდისაა იდეალურად შესაბამისი ტემპერატურის და ამინდის შერწყმა საკარტოფილე ნიადაგისთვის. ბოლნისში კი მეკარტოფილეობის იმდენად დიდი ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ ადგილობრივებს ასეთი სპეციფიკური დეტალები აღარ ესწავლებათ.

უკვე 50 წელზე მეტია ბოლნისის მუნიციპალიტეტი თავის უმთავრეს პროდუქტთან – ახალ კარტოფილთან ასოცირდება. კარტოფილის წარმოება ამ მხარეში 1970-იანი წლებიდან დაიწყო. შეიქმნა საკარტოფილე მეურნეობები, სადაც სათესლე მასალად შეიტანეს 4 ჰოლანდიური, 2 გერმანული და 1 რუსული ჯიშის კარტოფილი. საადრეო კარტოფილის დარგვა, საერთო ჯამში, 2 000 ჰექტარზე გადაიშალა. შედეგმაც არ დააყოვნა, ბოლნისის მეკარტოფილეობა გააქტიურდა და მოსავლის რაოდენობა ჰექტარზე 25-28 ტონამდე გაიზარდა და დაიწყო კარტოფილის ექსპორტზე გატანაც.

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ბოლნისის ახალი კარტოფილის წარმოება იმავე ტემპითა და მოცულობით გრძელდება. 2020-2023 წლების მონაცემებით, სხვადასხვა ქვეყანაში ექსპორტზე გატანილია 50 000 ტონაზე მეტი ახალი კარტოფილი, რაც ადასტურებს იმას, რომ გეოგრაფიული აღნიშვნა „ბოლნისის ახალი კარტოფილი“ სარგებლობს მაღალი რეპუტაციით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც,"-აღნიშნულია საქპატენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გამოგვყევით