„გალთ ენდ თაგარტი“ პროგნოზირებს, რომ ეროვნული ბანკი მიმდინარე წელს მონეტარულ პოლიტიკას უცვლელად შეინარჩუნებს და რეფინანსირების განაკვეთს მხოლოდ მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან შეამცირებს.
როგორც „გალთ ენდ თაგარტის“ ანალიტიკოსმა „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას განმარტა, ამის საფუძველი 2026 წელს მიზნობრივზე დაბალი ინფლაცია იქნება.
„ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება თანხვედრაშია ჩვენს მოლოდინთან. მონეტარული პოლიტიკა წლის ბოლომდე იქნება შენარჩუნებული 8%-ის დონეზე. როგორც ვხედავთ, მარტიდან მოყოლებული საშუალო წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღლა ნარჩუნდება. ამასთან, თვიდან თვემდე მზარდია ინფლაციის მაჩვენებელი და აგვისტოში ფასების ზრდის დონემ 4.6% შეადგინა. ეს საყურადღებოა. ასევე საყურადღებოა, რომ მნიშვნელოვნად დაჩქარდა საბაზო ინფლაცია. ვხედავთ, რომ მთლიანობაში ინფლაცია განპირობებულია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასების 10%-იანი ზრდით, რასაც მოყვება ჯანდაცვა, სასტუმროები და რესტორნები და ა.შ. ეს არის არგუმენტი იმასა რომ სიფრთხილე უნდა იქნას გამოჩენილი. მეორე არგუმენტია, რომ არსებობს რისკები როგორც საშინაო ისე საგარეო. ამ ფონზე სჯობს დაკვირვების რეჟიმი იყოს,“-აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.
მისივე თქმით, მომდევნო წლის მეორე კვარტლიდან შესაძლებელი იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებებისკენ ნაბიჯი გადაიდგას.
„ჩვენი მოლოდინია, რომ საშუალო ინფლაცია მიზნობრივზე დაბალი იქნება და ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება 2026 წელს 0.25-0.5 პროცენტული პუნქტით შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი,“-აღნიშნა ლაშა ქავთარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8%-იან ნიშნულზე შეინარჩუნა. მარეგულირებელმა რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს 2024 წლის 22 მაისს შეცვალა და 8 პროცენტამდე შეამცირა. მას შემდეგ უკვე მეთერთმეტე მონეტარული პოლიტიკის სხდომაა, რაც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელია. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.