ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია, "ასომთავარის" ნამუშევრები კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამისთვის საკუთარი მაღაზიის გახსნას ვგეგმავთ, სადაც სრული კოლექცია იქნება წარმოდგენილი. სავარაუდოდ, ჩვენი მაღაზია უკვე მიმდინარე წელს თბილისში გაიხსნება, – ამის შესახებ ქართული ანბანით შთაგონებული ხელნაკეთი ნამუშევრების კომპანია "ასომთავარის" დამფუძნებელმა მარიამ ჟორჟოლიანმა „ბიზნესპარტნორთან“ განაცხადა.
მისივე თქმით, ინტერესი ქართული ანბანისა და უნიკალური ხელნაკეთი ნამუშევრების მიმართ სტაბილურად იზრდება, თუმცა წარმოება სერიულად არ ხდება. თითოეული ნამუშევრის შექმნა დიდ დროსა და სიფრთხილეს მოითხოვს, რის გამოც კომპანია მხოლოდ იმდენ რაოდენობას ამზადებს, რამდენიც ხარისხისა და უნიკალურობის შენარჩუნების საშუალებას იძლევა. მასშტაბური შეკვეთები კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ მიიღება.
"ჩვენი კომპანია ოფიციალურად 2022 წელს დაფუძნდა, მაგრამ მისი ისტორია ბევრად ადრე იწყება. ოჯახში ყოველთვის იყო განსაკუთრებული სიყვარული ხელნაწერებისა და ქართული ანბანისადმი, რაც ჩემთვის ბუნებრივად იქცა ინსპირაციის წყაროდ და საბოლოოდ ასომთავარის შექმნამდე მიმიყვანა. მომხმარებლებს ვთავაზობთ ქართულ ანბანზე შექმნილ ხელნაკეთ ნამუშევრებს - უნიკალურ ნახატებს, რომლებიც ოქროს დეტალებით ირთვება. საზედაო ასოები კი შუა საუკუნეების ხელნაწერებიდან არის გადმოღებული, რაც ნამუშევრებს ისტორიულ სიღრმესა და უნიკალურობას ანიჭებს.
ასომთავარის ნამუშევრების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ჩვენს ოფიციალურ ვებსაიტზე asomtavari.com, ასევე თბილისში, კოტე აფხაზის 31 ნომერში მდებარე მაღაზია MEMO • მემო-ში, სადაც წარმოდგენილია უნიკალური ქართული ხელნაკეთი ნივთები, მათ შორის ჩვენი ნამუშევრებიც. ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც ქართველები, ისე უცხოელები. განსაკუთრებით ხშირად ქართველები ირჩევენ საჩუქრად უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორებისთვის.
ნამუშევრები კი ორივე მიმართულებით პოპულარულია: უფრო ხშირად სასაჩუქრე ხასიათს ატარებს, თუმცა ბევრი ადამიანია, ვინც საკუთარ სახლისთვის ან სამუშაო სივრცისთვის ყიდულობს და ეს ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა", - აცხადებს მარიამ ჟორჟოლიანი.
ამასთან, მომავალში კომპანია ასორტიმენტის გაფართოებასა და ახალი თემატური ნამუშევრების შექმნას გეგმავს, თუმცა ძირითადი პრინციპი უცვლელი დარჩება – მაღალი ხარისხი და თითოეული ნამუშევრის უნიკალურობა.