“საქართველოს გამორჩეული გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა მას ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ენერგეტიკულ დერეფნად აქცევს. ჩვენ „მწვანე“ წყალბადს განვიხილავთ, როგორც საკვანძო შესაძლებლობას აღნიშნული როლის გასამყარებლად, რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებისა და გლობალური ენერგეტიკული უსაფრთხოების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შესატანად”, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ სამუშაო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, რომლის დროსაც განხილულ იქნა საქართველოს „მწვანე“ წყალბადის საგზაო რუკა და სამოქმედო გეგმა. შეხვედრა, ჰიბრიდულ რეჟიმში, აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით გაიმართა.
„ჩვენი მიზანია, საქართველო გახდეს საკვანძო ადგილი შავი ზღვის აუზში „მწვანე“ წყალბადის ტრანსპორტირებისა და ვაჭრობისთვის. ჩვენ მზად ვართ, აქტიურად შევიტანოთ წვლილი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის წყალბადის პლატფორმის ჩამოყალიბებაში, ჩვენს მეზობლებთან და ევროკავშირთან პარტნიორობით,“ - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
შეხვედრაზე სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარიტა არაბიძემ წარადგინა „მწვანე“ წყალბადის საგზაო რუკის პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა „მწვანე“ წყალბადის წარმოების განვითარებას, ინფრასტრუქტურის შექმნას ტრანზიტისა და საექსპორტო მარშრუტებისათვის, ასევე ენერგოუსაფრთხოებისა და ეკონომიკური ზრდის გაძლიერებას ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებით.
სამუშაო შეხვედრაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ სამინისტროს ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ომარ წერეთელი და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელი ადნან თარინი. სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“, ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, აგრეთვე ენერგეტიკული კომპანიების, აზიის განვითარების ბანკისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრამ დისკუსიის რეჟიმში ჩაიარა.