პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია, რომ წამყვან ეკონომიკურ სექტორებში ხელოვნური ინტელექტი დაინერგოს, რაც ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს არა მხოლოდ გაზარდოს ეკონომიკის ეფექტურობა, არამედ ახალი დარგები განავითაროს და დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნას. ეს, თავის მხრივ, რესურსების ოპტიმიზაციასა და ბიზნეს პროცესების დაჩქარებას განაპირობებს.
„მსოფლიო ახალი ეკონომიკური მოდელის ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული აქცენტები ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების დანერგვაზე კეთდება. ყოველივე ეს ჭარბ ენერგორესურსებს მოითხოვს. შედეგად, ქვეყნებს, რომლებსაც ენერგოდამოუკიდებლობა და „იაფი ენერგეტიკული რესურსი“ ექნებათ, მომავლის ეკონომიკაში კონკურენტული უპირატესობა მიეცემათ. ამიტომ, საჭიროა, ქვეყანაში ენერგეტიკის სექტორის განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი გახდეს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მდგრადი და სტაბილური ფინანსური სისტემაა. თუმცა, საფინანსო სისტემის კონკურენტუნარიანობის ზრდის და კაპიტალის ბაზრების კიდევ უფრო განვითარებისთვის დამატებითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ასევე, მნიშვნელოვანია, განათლების სისტემამ ზუსტად უპასუხოს ეკონომიკის სტრატეგიული სექტორების საკადრო მოთხოვნებს, იქნება ეს პროფესიული თუ სამეცნიერო-საგანმანათლებლო. ამიტომ, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრების შექმნისა და განვითარებისთვის მზარდი ფინანსური რესურსის დახარჯვა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი უნდა გახდეს.
ქვეყნის განვითარების ფუნდამენტი სტაბილურობა და მშვიდობაა. სწორედ მშვიდ გარემოში იქმნება გრძელვადიანი სტრატეგიები, ინოვაციები და შესაძლებელი ხდება სწრაფი განვითარება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ცოდნა, შრომა და გამოცდილება საქართველოს წინსვლის ახალ ეტაპზე მიიყვანს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.