კომპანია KEI Hospitality Group-ის თანადამფუძნებლის, გურამ კუნჭულიას ინფორმაციით, სამასპინძლო სფეროში კადრების დეფიციტია.
როგორც გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი ტრენინგის ჩატარება და პერსონალის გადამზადება.
"მოგეხსენებათ, სფეროში კვალიფიციური პერსონალის დეფიციტი გვაქვს, აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად გვინდა, რომ სფეროს წარმომადგენლებს მეტი ინტერესი გავუჩინოთ. სამასპინძლო მიმართულება მხოლოდ მომსახურების სფერო არაა - ადამიანს, რას აკეთებს მთლიანად გათავისებული უნდა ჰქონდეს და ლოკალური, თუ უცხოელი ვიზიტორების მიღება სიამოვნებდეს.
ტენდენციას რაც შეეხება - რა ხდება ახლა, ცოტა კომპლექსური საკითხია, მაგალითად, 20-სა და 21 სექტემბერს უცხოელი ექსპერტი მოგვყავს, რომელიც მასტერკლასებს ჩაატარებს. კერძოდ, უცხოელი ექსპერტი დამსწრე საზოგადოებას აუხსნის, სტუმართან ურთიერთობის დროს რა სტანდარტული ოპერაციები უნდა ჩატარდეს. ვიზიტორთან პირველი შეხვედრა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან პირველ შთაბეჭდილებას სწორედ აღნიშნული მომენტი ქმნის.
ამასთან, სამასპინძლო სექტორის მიმართულებით, ჩვენი კომპანია არა მხოლოდ, მოკლე ტრენინგებს, არამედ კურსებს ჩაატარებს. ვფიქრობთ, აღნიშნული მიმართულებით მოთხოვნა იქნება", - აღნიშნავს გურამ კუნჭულია.