სამედიცინო ბაზრის მონიტორინგის დაწყებას რამდენიმე მიზეზი განაპირობებდა და მათ შორის ფასების ზრდა იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი ქედელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბაზარზე ფასი, შესაძლოა, უშუალოდ საბაზრო პირობებიდან გამომდინარე გაიზარდოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, გარკვეულ ხელოვნურ ზრდასაც ჰქონდეს ადგილი და, სწორედ, ამ ფაქტორებზე დაკვირვებას ემსახურება ბაზარზე მონიტორინგის დაწყება.
„სტრატეგიულად მნიშვნელოვან ბაზრებს მუდმივ რეჟიმში აკვირდება GCCA. ჩვენ განვახორციელეთ ასევე სამედიცინო მომსახურების ბაზრის მომიჯნავე ბაზრის მონიტორინგი - ფარმაცევტულ ბაზარს ვგულისხმობ. ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგით გაცემული რეკომენდაციები საფუძველი გახდა ბაზარზე განხორციელებული სისტემური რეფორმებისა. ასევე, გამოვავლინეთ შეთანხმებული ქმედება ონკოლოგიურ მედიკამენტებთან დაკავშირებით, იყო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაც, რისთვისაც რამდენიმე კომპანია დავაჯარიმეთ,“- განაცხადა გიორგი ქედელიძემ.
მისივე თქმით, რაც შეეხება საწვავის ბაზრის მონიტორინგს, წარსულში იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებების გათვალისწინებით, აღნიშნული ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ და, შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთება ფასების ზრდა არასაბაზრო ფაქტორებით, სააგენტო კვლავ დაიწყებს ბაზრის შესწავლას.
„სააგენტოს წარსულშიც არაერთხელ ჰქონდა ამ ბაზარზე იდენტიფიცირებული შეთანხმებული ქმედებები, შესაბამისად, ეს ბაზარი ითვლება მაღალი რისკის მქონედ. ამასთან, ბაზარი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია მოცულობის და სხვა ბაზრებზე გავლენის გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად ვახორციელებთ მონიტორინგს, რომლის შედეგებიც საჯაროა. ვაკვირდებით პირველ რიგში იმას, თუ როგორ იცვლება საცალო ფასები მასზე მოქმედი ფაქტორების, კერძოდ ლარის გაცვლითი კურსის და შესასყიდი საწვავის ღირებულების გათვალისწინებით,“- განაცხადა GCCA-ის სტრატეგიული ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა.
გიორგი ქედელიძის თქმით, სააგენტო ასევე ახორციელებს პესტიციდების ბაზრის მონიტორინგს და ამ მიმართულებით, სავარაუდოდ წლის ბოლომდე, პირველადი ანგარიში გამოქვეყნდება.