logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

30%-იანი ზრდა და 2 000 მცენარის რეალიზაცია თვეში - "კატლეია" რეგიონებში ფილიალის გახსნას გეგმავს

კომპანია "კატლეია", რომელიც ადგილობრივ ბაზარზე იშვიათი, საკოლექციო, ტროპიკული მცენარეების რეალიზაციას ახდენს, უახლოეს მომავალში რეგიონებში რამდენიმე ფილიალის გახსნას გეგმავს. როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის ფინანსური დირექტორი, ნინა ბეჟაშვილი აღნიშნავს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით, 30%-ით გაიზარდა. საცალო გაყიდვების კუთხით კი, თვეში მინიმუმ 2 000-მდე მცენარის რეალიზაცია ხდება.

ფინანსური დირექტორის განმარტებით, პროდუქციის გაყიდვების რაოდენობის ზრდა ბაზრის ათვისებამ განაპირობა.

ამასთან, კომპანიის წარმომადგენელი კორპორაციული შეკვეთების შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წელიწადში აღნიშნულ სეგმენტს მთლიანი შეკვეთების 50%-ი უკავია.

"500-მდე სახეობის, როგორც ტროპიკული, ასევე უდაბნოს მცენარე გვაქვს. ადგილობრივ ბაზარზე ერთადერთი კომპანია ვართ, რომელსაც უმაღლესი ხარისხის ჰოლანდიური მცენარეების დიდი ასორტიმენტი აქვს. იმპორტს ძირითადად ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ვახორციელებთ: გერმანია, ბელგია, დანია, ნიდერლანდები და ა.შ. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. აღნიშნულის მიზეზი ბაზრის ათვისებამ განაპირობა, კერძოდ, ჩვენმა კომპანიამ ბაზარი იშვიათი და საკოლექციო  მცენარეების ჯიშებით აითვისა. ჩვენს ორანჟერეას განსხვავებული ნიშა აქვს, შესაბამისად, მომხმარებელი გვენდობა და იცის, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქციას მიიღებს. მყიდველების 90%-ადგილობრივი მოსახლეობაა, დანარჩენი წილი  უცხოელებზე მოდის. ძირითადად პროდუქციას თბილისში ვყიდით", - აღნიშნავს ნინა ბეჟაშვილი.

კომპანიის წარმომადგენელი ასორტიმენტის გაზრდის საკითხსაც მიმოიხილავს და აღნიშნავს, რომ პროდუქციის მრავალფეროვნება კომპანიის მთავარი ნიშაა. კერძოდ, ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე ახალი მცენარეები ჩამოაქვთ.

"მცენარეების მიმართ მომხმარებლების დაინტერესება ყოველწლიურად იზრდება. ორანჟერეაში გასაყიდი მცენარეების ფასების დიაპაზონს, რაც შეეხება იწყება 5 ლარიდან და 2 000 ლარამდე მერყეობს. კონკურენციის მიმართულებით, რომ გესაუბროთ რეალური კონკურენცია არ გვაქვს, რადგან ხარისხის მიმართულებით მაღალ სეგმენტზე გავდივართ", - აცხადებს "კატლეია" წარმომადგენელი.

ცნობისთვის კომპანია "კატლეია", რომელიც იშვიათი, საკოლექციო, ტროპიკული მცენარეების რეალიზაციას ახდენს ადგილობრივ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით