საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათეთრების საქმეს ეხებოდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე და შესაბამისად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ამ საქმეს ჩავყვეთ ბოლომდე. საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი და ა.შ. ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, 2022-2024 წლებში განხორციელებული, უპრეცედენტო ოდენობის - 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
ძალოვანი უწყების ცნობით, ფულის გათეთრების ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი.
მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე კი დღეს ეროვნულმა ბანკმა სპეციალური განცხადება გაავრცელა და განმარტა, რომ სავარაუდო უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკი ორგანული კანონით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობდა შესაბამის უწყებებთან და ჩართულია საგამოძიებო პროცესში. მათივე ინფორმაციით, სებ-მა კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოძიებას დროულად მიაწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია და განახორციელა შესაბამისი საზედამხედველო ღონისძიებები.