2025 წლის გაზაფხულიდან, ბაზარზე თხილეულის და "სნექების" მწარმოებელმა კომპანია "ქალაქურის" - თხილისა და მიწის თხილის კარაქი და 5-მდე დასახელების ხილის ჯემი გამოჩნდება.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი მურად ღოღაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, "ქალაქური" ასორტიმენტის გაზრდაზე მუშაობას, იანვარში, ახალი ქარხნის გახსნის შემდეგ დაიწყებს.
მისივე ცნობით, ახალი პროდუქტი ბაზარზე "ქალაქურის" ბრენდით გაიყიდება.
"როგორც კარაქი, ისე ჯემი 300-გრამიან და 500-გრამიან მინის ქილებში იქნება. ხილის ჯემების წარმოებისთვის პროდუქციას ადგილობრივი ფერმერებისგან ჩავიბარებთ. ვფიქრობთ, რომ ახალი პროდუქტები გაიყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე", - აცხადებს მურად ღოღაძე.
მურად ღოღაძის ინფორმაციით, კომპანიამ ასორტიმენტის და წარმადობის ზრდა მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე გადაწყვიტა. მისი თქმით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა დაახლოებით, 80%-მდე გაიზარდა.
"ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ მზარდია მოთხოვნა. დიდი ინტერესია როგორც ჩირეულის, ისე თხილეულის მიმართ. ვთანამშრომლობთ როგორც ქსელურ მარკეტებთან, ისე HoReCa სექტორთან", - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, "ქალაქური" სამომხმარებლო ბაზარზე 2007 წლიდან ფუნქციონირებს და სადისტრიბუციო ქსელის საშუალებით ადგილობრივ და იმპორტით შემოტანილ ნატურალურ პროდუქციას აწარმოებს/ყიდის. მათ შორისაა: ქართული თხილი (უნიკალური ჯიში „თითა”), ნუში, ფისტაშკა, მიწის თხილი, გოგრის გული, სხვადასხვა სახეობის ჩირები, როგორც ადგილობრივი, ასევე ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან შემოტანილი, თხილისა და ჩირების ასორტი, თხილი ქიშმიშით, თხილი ჩირებით, მიწის თხილი სეზამით, თაფლით და მარილით. ასევე, პატარებისთვის - ბურბუშელა სიურპრიზით და განახლებული პოპკორნი, რომელიც მრავალფეროვანი შეფუთვებით იქცევს ყურადღებას.
ყველა პროდუქცია მომხმარებელს მიეწოდება როგორც წონით, ასევე დაფასოებული - 200, 100, 140, 80 და 50 გრ-იან პაკეტებში.