საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) შპს „ჰუალინგი-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
საქმე ეხება კომპანიის მიერ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით - 1 კვირის პერიოდში გამოცხადებულ 90%-მდე ფასდაკლებას (ინფორმაცია გავრცელდა როგორც მიჰაუსის Facebook გვერდზე, ასევე სატელევიზიო ეთერით).
როგორც სააგენტო განმარტავს, დაფიქსირებული განცხადების მიხედვით, ფასდაკლების პერიოდში, კომპანიის ოპერატორთან ფასის და პროდუქციის საწყობში არსებობის დაზუსტების შემდგომ, მომხმარებელმა ვებ-გვერდის www.mihouse.ge საშუალებით, შეიძინა 4 ცალი გათბობის ქვაბი. თუმცა, ვებ-გვერდის ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ, პროდუქციაზე არასწორი ფასების მითითების არგუმენტით, კომპანიამ უარი განაცხადა შეკვეთის მიწოდებაზე.
"მოვაჭრე ხაზს უსვამს, რომ საიტზე მითითებული არასწორი ფასი არ უნდა ყოფილიყო აღქმული როგორც რეალური და შესაბამისად, ასეთი ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლებოდა", - განმარტავს სააგენტო.
უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონმდებლობის შესაბამისად, უსამართლოდ მიიჩნევა და აკრძალულია საქონლის ან მომსახურების სპეციალურ ფასად შეძენის შეთავაზება და შემდეგ მომხმარებლისთვის რეკლამირებული საქონლის ჩვენებაზე, შეკვეთის მიღებაზე ან მის გონივრულ ვადაში მიწოდებაზე უარის თქმა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საქმის შესწავლის შედეგად დადასტურდა - მოვაჭრის მხრიდან კანონით გათვალისწინებული უსამართლო კომერციული საქმიანობა და მოვაჭრეს დაევალა 1 თვის ვადაში მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.