სპორტული სივრცე ‘’კარტინგ ლილო“ მომხმარებელს განახლებულ სივრცეში უმასპინძლებს. როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი და დირექტორი მალხაზ მთვარელიშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე რამდენიმე კარტინგის დამატება გადაწყდა. გარდა ამისა, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცე, რომ მომხმარებელს ლოდინი უფრო მოწესრიგებულ გარემოში უწევდეს.
იქიდან გამომდინარე, რომ კარტინგი ღია სივრცეში ეწყობა, ზამთარი სპორტის ამ სახეობისთვის ნაკლებად პოპულარული სეზონია.
‘’კარტინგი ღია სივრცეშია, ამიტომ დამოკიდებული ვართ ამინდზე, ახალ სეზონს გაზაფხულზე ვიწყებთ და 20 ახალ კარტინგს ვამატებთ. აქამდე 10 იყო. მოთხოვნა საკმაოდ აქტიურია, ფაქტობრივად თვიდან თვემდე მატულობდა, ამიტომ გადავწყვიტეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. გაკეთდება ასევე მოსასვენებელი ადგილი, რომ მომხმარებელს ღია სივრცეში არ უწევდეს რიგში დგომა. მოლოდინია, რომ ახალ სეზონზე დატვირთულობას გავასამმაგებთ, ამისთვის ყველა პირობაა, რაც მთავარია, მოთხოვნა აქტიურია და სპორტის ეს სახეობა ძალიან პოპულარულია საქართველოში“, - აცხადებს მალხაზ მთვარელიშვილი.
მისივე ინფორმაციით, კარტინგის ბაზარზე ერთ-ერთი გამოწვევა ტექნიკურ საკითხს და პროფესიულ კადრს უკავშირდება, რაც უკვე ახალი სეზონის წინ მოგვარებულია.
,,კარტინგის ბიზნესისთვის ტექნიკური მხარეა გამოწვევა. მცირე ზომის მანქანებია და სჭირდება მუდმივი მონიტორინგი, რაზეც პროფესიონალები მუშაობენ. მექანიკოსების გარკვეული პრობლემა იყო, მაგრამ კადრი გადავამზადეთ. ტექნიკური საკითხების მოსაგვარებლად დიდი დრო დავხარჯეთ, მაგრამ სამაგიეროდ გამართული ინფრასტრუქტურაა, სტანდარტს მაქსიმალურად ვაკმაყოფილებთ. გვაქვს დიდი ზომის სარბენი ტრასა, რომლის კონფიგურაციებს ხშირაც ვცვლით. კარტინგის დამატებასთან ერთად კადრების გაორმაგება მოგვიწევს“, - აღნიშნავს მალხაზ მთვარელიშვილი.
მისი ინფორმაციით, სარბენი ტრასის ერთი წრის სიგრძე 700 მეტრს შეადგენს, რაც ოპტიმალური მოცულობაა. გარდა ამისა, 2024 წელს კარტინგის სკოლა გაიხსნება. ახალ პროექტთან დაკავშირებით ‘’კარტინგ ლილო“ საავტომობილო სპორტის ფედერაციასთან თანამშრომლობს.
რაც შეეხება კარტინგის ტარიფს, 10 წუთით სარგებლობის საფასური 25 ლარს შეადგენს, თუმცა მომავალ სეზონზე მაღალი დანახარჯის გამო გადასახადის მცირედი გაძვირება იგეგმება.
ცნობისთვის,"კარტინგ ლილო’’ 2023 წლის აპრილში გაიხსნა. პროექტის საინვესტიციო ღირებულებამ $40 000 შეადგინა. ახალი ინფრასტრუქტურის განხორციელება კომპანიას $70 000 უჯდება.
მარი ჩიტაია