logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

კომპანია "ბაგანა" - გაყიდვები 30%-მდე გაიზარდა

ბავშვის ჩასაცმელის, ე.წ. სლინგის მწარმოებელი კომპანია "ბაგანას" დამფუძნებელმა თინათინ გახოკიძემ განაცხადა, რომ კომპანიის გაყიდვები, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-მდე გაიზარდა.

როგორც გახოკიძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს, კომპანიამ 1 წლის წინ ლაქტაციის მაისურების წარმოებაც დაიწყო, რომელზედაც მოთხოვნა დაახლოებით, 15%-ით არის გაზრდილი.

"ჩვენი პროდუქცია ძალიან მოთხოვნადია. ჩვენ ლაქტაციის მაისურების რაოდენობები გავზარდეთ და ასევე დავხვეწეთ ვიზუალი. რაც შეეხება მოთხოვნას - გაყიდვები სტაბილურად მზარდია. პროდუქტი ახალია და ცნობადობის ამაღლება გვჭირდება რის შემდეგაც, ვფიქრობთ, რომ უფრო მეტად მოთხოვნადი გახდება. ამ ეტაპზე ორი ფერის მაისური გვაქვს - შავი და თეთრი.

რაც შეეხება გაფართოების გეგმებს - რეგიონების მიმართულებით გაფართოებას ამ ეტაპზე აღარ ვაპირებთ. "ზუგდიდი მოლში" გვქონდა ჩვენი პროდუქტი წარმოდგენილი, არ გაამართლა. თბილისში უფრო მეტი შეკვეთა შემოგვდიოდა ზუგდიდიდან, ვიდრე რაიონში არსებულ მაღაზიაში. თუმცა სამომავლო გეგმებში ფილიალის დამატებას ბათუმში განვიხილავთ", - აცხადებს თინათინ გახოკიძე. 

რაც შეეხება ექსპორტს - როგორც კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, აღნიშნული მიმართულებით კომპანია აქტიურად მუშაობს. მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომ "ბაგანას" პროდუქცია უცხოურ ონლაინ პლატფორმებზე განთავსდეს. 

"ჩვენ საცალო გაყიდვები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვაქვს. თუმცა გაგზავნის ხარჯები საკმაოდ მაღალია საცალო გაყიდვების შემთხვევაში", - აღნიშნა მან. 

შეგახსენებთ, რომ პირველი ქართული "სლინგის" მწარმოებელი სტარტაპი „ბაგანა“ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანიის "სლინგები" რამდენიმე მაღაზიასა და ონლაინ პლატფორმების მეშვეობით  89 ლარად იყიდება. კომპანია ნედლეულის იმპორტს თურქეთიდან და პოლონეთიდან ახორციელებს.

ახალი ხაზის საინვესტიციო ღირებულებას კომპანიის დამფუძნებელი ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებს. თუმცა ამბობს, რომ წარმოებაში დიდი რესურსი არ ჩადებულა და თავდაპირველი ხარჯი დაახლოებით ₾ 15 000 იყო.

გამოგვყევით