logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"კოსმო" - ჩვენი პროდუქციის 10% უცხოურ ბაზრებზე იყიდება

ჩვენი პროდუქციის 10% უცხოურ ბაზრებზე იყიდება, - ამის შესახებ  ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების საწარმო "კოსმოს" თანადამფუძნებელმა სოფი მუხულიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე ჩინეთის ბაზარზე გასვლისთვის აქტიურად მუშაობს.

"ჩვენი პროდუქცია აქტიურად იყიდება დანიაში. გვყავს პარტნიორი და რამდენჯერმე გავაგზავნეთ შეკვეთების დიდი პარტია. ბოლო ორ თვეში 8-ჯერ გავგზავნეთ პროდუქცია. ექსპორტზე სხვა ქვეყნებშიც გავდივართ, თუმცა მცირე მოცულობით.

ჩინეთის ბაზარი ჩვენს ინტერესში არის, ვიყავით გამოფენაზეც, თუმცა ჯერჯერობით ამ მიმართულებით სიახლე არ არის. ვმუშაობთ ამ საკითხზე და რა თქმა უნდა, გვსურს აღნიშნულ ქვეყანაში გასვლა", - აცხადებს სოფი მუხულიშვილი.

კომპანიის დამფუძნებლის ინფორმაციით, "კოსმო" ადგილობრივ ბაზარზე ფართოვდება. მისი თქმით, კომპანიას ამ ეტაპზე 8 ფილიალი აქვს და მიმდინარე წელს კიდევ 2 ფილიალის დამატებას აპირებს.

გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ "კოსმოს" პროდუქციაზე მოთხოვნა მზარდია და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მოთხოვნა 50%-ით არის გაზრდილი.

ცნობისთვის, ხელნაკეთი ჩანთებისა და აქსესუარების კომპანია „კოსმო“ 2015 წელს დაარსდა. საწარმო თბილისში, ვაჟა ივერიელის 24-ში, 300 არაგველის მეტროსთან მდებარეობს. „კოსმოს“ ამჟამად 8 ფილიალი აქვს - კერძოდ, 2 ფილიალი ბათუმში და 5 ფილიალი თბილისში, 1 ფილიალი გორში და 3 პარტნიორი მაღაზია ქუთაისში. პროდუქციის რეალიზება „კოსმოს“ ფილიალებში, ონლაინ (სოც. მედია პლატფორმების და საიტის www.cosmo.com.ge საშუალებით) და პარტნიორ მაღაზიებში ხდება.

გამოგვყევით