logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"საავტომობილო პრეფიციტის გამო, ავტომობილები 5-იდან 10%-მდეა გაიაფებული"

მიმდინარე წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყანაში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 48.1%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილები კვლავ ექსპორტ-იმპორტის სიის სათავეშია, კლების ტენდენცია პანდემიის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.

სექტორში იმპორტის კლების მიზეზებზე საუბრობენ და ერთ-ერთი ფაქტორად, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას ასახელებენ.

როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ კავკასიის ავტო იმპორტის” გაყიდვების დირექტორი  ალექსანდრე ვეკუა აღნიშნავს, იმპორტის კლების მიზეზი ის საავტომობილი პრეფიციტიც გახდა, რაც ქვეყანაში 2023 წელს შეიქმნა.

„მართალია გაიზარდა ექსპორტიც, თუმცა ავტომობილების იმპორტი უფრო დიდი დოზით მოხდა, ამიტომ 2023 წელს ბაზარი გაჯერდა მანქანებით და მიწოდებამ მოთხოვნას გადააჭარბა. ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ წლის დასაწყისში მსუბუქი ავტომობილების იმპორტმა იკლო. ავტოდილერები მიხვდნენ, რომ მეტი მანქანა აღარ უნდა შემოეყვანათ და ჯერ არსებულის რეალიზაცია მოეხდინათ“, - აღნიშნავს ალექსანდრე ვეკუა.

“კავკასიის ავტო იმპორტის” გაყიდვების დირექტორი ვარაუდობს, რომ იმპორტის მაჩვენებლები გაზაფხულიდან ისევ გაიზრდება, ვინაიდან მოთხოვნა მოთხოვნა-მიწოდების ჯაჭვი დაბალანსდება და კომპანიებს იმპორტის გააქტიურება მოუწევთ.

რაც შეეხება ავტომობილების ფასებს, ვეკუას ინფორმაციით, ამ ეტაპზე ისინი 5-იდან 10%-მდეა გაიაფებული, რაც ასევე საავტომობილო პრეფიციტს უკავშირდება.

იმპორტისგან განსხვავებით, ზრდა ფიქსირდება ავტომობილების ექსპორტში. კერძოდ, 2024 წლის იანვარში საქართველომ ექსპორტზე 112 მლნ დოლარის ღირებულების ავტომობილები გაიტანა, რაც გასული წლის იანვრის მაჩვენებელს 7.4%-ით აღემატება. ტოპ სამი საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია: ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.

გამოგვყევით