"ღვარძელაშვილის მარნის“ დამფუძნებლის გიორგი ღვარძელაშვილის განცხადებით, წელს მარანმა რეკორდული რაოდენობის ტურისტს უმასპინძლა.
როგორც მან "ბიზნესპარტნიორთან“ აღნიშნა, სწორედ გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე მარნის ტერიტორიაზე საოჯახო ტიპის ორი სასტუმრო ნომერი დაემატა, რადგან ადგილზე მისულ სტუმრებს დარჩენის შესაძლებლობა ჰქონდეთ.
გიორგი ღვარძელაშვილის განცხადებით, მარანს თითქმის ყველა ქვეყნიდან სტუმრობენ.
"ვგეგმავ კოტეჯების აშენებასაც, თუმცა ამჟამად ჩვენი აქცენტი სასტუმროზე გადავიდა, რომელიც თბილისში გავხსენით. ვფიქრობ, რომ მომავალ 2 წელში აღნიშნული კოტეჯების გეგმასაც განვახორციელებ. ფიზიკურად ვეღარ ვიღებდი სტუმრებს და თელავში არსებულ სხვა მარნებში ვუშვებდი. ძალიან დიდი ნაკადია ტურისტების და ჩვენი მარნისთვის ნამდვილად კარგი წელი იყო. ადრე ადგილზე დაახლოებით, ღვინის 30%-ს ვყიდდი, წელს კი ეს მაჩვენებელი 40%-მდე გაიზარდა", - აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.
რაც შეეხება ექსპორტს - მარნის დამფუძნებლის ინფორმაციით, "ღვარძელაშვილების მარნის" ღვინო ამ ეტაპზე, ექსპორტზე 8 ქვეყანაში გადის, თუმცა მომავალში შესაძლებელია მხოლოდ ამერიკის ბაზარზე გავიდეს.
როგორც გიორგი ღვარძელაშვილი განმარტავს, დღეს ამერიკაში პროდუქცია სწრაფად რეალიზდება და ასევე, მაღალ გადამხდელუნარიანი ბაზარია.
რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს - ჩვენი ღვინის 60% ექსპორტზე, 8 ქვეყანაში იყიდება. ესენია: აშშ, გერმანია, ინგლისი, ნიდერლანდები, საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია და ავსტრალია. უნდა აღნიშნოს, რომ ჩამოთვლილ ქვეყნებში ჩვენი ღვინო იყიდება არა მარკეტებში, არამედ ქართულ რესტორნებსა და ღვინის ბარებში.
ვფიქრობ, რომ საექსპორტო ქვეყნებს შევამცირებ, რადგან მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდების ბაზრებს ფული გადახდა არ უყვართ. ამ ეტაპზე ნამდვილად კარგი ხარისხის ღვინო გადის ექსპორტზე, მაგრამ მაგალითად, ჩვენ როდესაც ექსპორტზე ღვინოს 7-8 დოლარად ვყიდით ამ დროს იტალიიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ღვინო 2-3 დოლარად შემოდის. საქართველოს გვინდა, რომ მაღალ საფასო სეგმენტში ვიყოთ, მაგრამ ეს ბრძოლას მოითხოვს და თავის დამკვიდრებას გარკვეული დრო სჭირდება. ჩვენ თუ 2-3-დოლარიან ღვინოზე გადავედით ვერ განვვითარდებით. ყველაზე მზარდი და კარგი გაყიდვები აშშ-ში გვაქვს. ვფიქრობ, საექსპორტო მიმართულებაზე მხოლოდ აშშ-ს დავიტოვებთ",- აცხადებს გიორგი ღვარძელაშვილი.
ცნობისთვის, "ღვარძელაშვილის მარანი" ღვინოს 2014 წლიდან აწარმოებს. ექსპორტზე კი 2018 წლიდან გადის. თელავის რაიონის სოფელ კონდოლში, 5 ჰექტარ მიწის ფართობზე, ღვარძელაშვილი 3 დასახელების ბიო ღვინოს - საფერავს, კონდოლურს და ჟღიას აწარმოებს.