ფოლკლორის საერთაშორისო ცენტრში ცნობილი ფოლკლორისტის ანზორ ერქომაიშვილის და საქართველოში პირველი ქალი ეთნომუსიკოლოგის თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაცია გაიმართა. მარკები, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით გაეშვა მიმოქცევაში, „საქართველოს ფოსტამ“ დაამზადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის განცხადებით, ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის მარკების გამოცემა არის მადლიერების გამოხატვა ამ ორი ღვაწლმოსილი ადამიანის მიმართ, რომლებმაც შეუფასებელი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურის, განსაკუთრებით, ფოლკლორის განვითარებაში.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, Საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე.
„ანზორ ერქომაიშვილი და თამარ მამალაძე ქართული ფოლკლორისა და მუსიკალური მემკვიდრეობის გამორჩეული წარმომადგენლები არიან. მათი მრავალწლიანი მოღვაწეობა ფასდაუდებელი წვლილია ქართული პოლიფონიური სიმღერის, ტრადიციული მუსიკისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებასა და განვითარებაში. საქართველოს ფოსტა, როგორც ეროვნული საფოსტო ოპერატორი, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობასა და მისიას ატარებს ქვეყნის ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის საქმეში. საფოსტო მარკის გამოცემა წარმოადგენს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლურ აქტს, რომლის მეშვეობითაც საზოგადოებას წარვუდგენთ იმ გამორჩეულ პიროვნებებს, რომლებმაც არსებითი წვლილი შეიტანეს საქართველოს კულტურულ განვითარებაში.“ - აღნიშნა გიორგი ერაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს, ანზორ ერქომაიშვილის მეუღლეს ლალი სეთურიძეს და თამარ მამალაძის შთამომავლებს საფოსტო მარკების პირველი ეგზემპლარები გადასცა.
ქართული საფოსტო მარკები მიმოქცევაშია 2026 წლის იანვრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში.