ინფრასტრუქტურის კუთხით გუდაურში ძალიან დიდი პრობლემებია. ყველაზე დიდი პრობლემა არის დასუფთავება და ნარჩენების გატანა, - ამის შესახებ Gudauri Lodge-ს დირექტორმა ანდრო ვლასოვმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
აღნიშნულის გარდა, როგორც ანდრო ვლასოვი აცხადებს ასევე, გამოწვევაა, გზები - კერძოდ, კი ტროტუარების არ არსებობა.
"ჩვენ ბიზნესი ჩვენი ძალებით ვცდილობთ, რომ პრობლემები მოვაგვაროთ. ერთმანეთს ვეხმარებით, რომ გავუმკლავდეთ ამ პრობლემებს. ვერ ვიტყვი, რომ არ კეთდება, მაგრამ მაგალითად ნარჩენების გატანა მაშინ როცა ყოველ დღე უნდა ხდებოდეს, ხდება კვირაში ერთხელ, რაც რა თქმა უნდა, კურორტზე პრობლემას წარმოშობს. ვფიქრობ, რომ აქტიურ სეზონზე მაინც, მუნიციპალური სამსახური ყოველდღე უნდა გვემსახურებოდეს და არა კვირაში ერთხელ", - აცხადებს ანდრო ვლასოვი.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო ამ ეტაპზე, 90%-იანი დატვირთულობით მუშაობს და მათი დამსვენებლების 95% უცხოელია.
ცნობისთვის, გუდაურში მდებარე სასტუმრო Gudauri Lodge 121 ნომერს, სპას, სათხილამურო მაღაზიას და 2 რესტორანს მოიცავს.