"რა თქმა უნდა, საქართველოს გააჩნია წყლის დიდი რესურსი, საკითხი იმაში მდგომარეობს რომ სათანადოდ უნდა ვმართოთ ეს რესურსები. “წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმზე”, რომელიც თბილისში 10-11 თებერვალს გაიმართა, ყურადღება გამახვილდა მოძველებულ ინფრასტრუქტურაზე, ეს მსოფლიოშიც ასეა, თუმცა საქართველოში დიდ გამოწვევას წარმოადგენს",- ამის შესახებ "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში, GWP-ის გენერალურმა დირექტორმა ხოსე მიგელ სანტოსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ საქართველოში წყლის სექტორი სრულად რეგულირდება დამოუკიდებელი ორგანოს - "სემეკის" მიერ, რომელიც აწესებს წესებს, ადგენს ტარიფებს და ინვესტიციების ამონაგებს განსაზღვრავს, ეს არის უნიკალური მაგალითი და მარეგულირებლის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია.
"წყალი ბევრია, თუმცა მეორეს მხრივ საჭიროა ამ რესურსების განახლებულ ინფრასტრუქტურაში გადატანა და ჩვენი საოპერაციო სისტემის ეფექტურობის გაუმჯობესება",- ამბობს ხოსე მიგელ სანტოსი.
მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანია Aqualia-მ იმიტომ გადაწყვიტა საქართველოში პირველი საერთაშორისო ფორუმის ორგანიზება, რომ Aqualia-ს პროექტები თბილისში, რუსთავში და მცხეთაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პროექტებს წარმოადგენს.
"ჩვენ გვინდოდა ცნობიერების დონის ამაღლება, იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც ჩვენს წინაშე დგას. ასევე შეგვეკრიბა ყველა დაინტერესებული მხარე, რომლებმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ წყლის სექტორის განვითარებისათვის საქართველოში. ასე რომ ჩვენთვის, ეს იყო უმნიშვნელოვანესი", - აღნიშნა ხოსე მიგელ სანტოსმა.
შეგახსენებთ, რომ "წყლის მომავლის საერთაშორისო ფორუმმა", მთავრობის წარმომადგენლები, მარეგულირებლები, საერთაშორისო ორგანიზაციები, ოპერატორები და დარგის ექსპერტები გააერთიანა, სადაც განიხილეს წყლის სტრატეგიული პოლიტიკა, ინფრასტრუქტურული ინვესტიციები, მარეგულირებელი ჩარჩოები, საინვესტიციო და სატარიფო პოლიტიკების ურთიერთკავშირი საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ.
ფორუმი ორგანიზებულია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის"(GWP) მიერ და ხორციელდება საერთაშორისო გამოცდილების მქონე წამყვანი გლობალური წყლის ოპერატორის, Aqualia-ს მხარდაჭერით.