უსინათლო პირებისთვის ქართულენოვანი, ხმოვანი მაჯის საათი უკვე ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ სტარტაპი accessAT-ის დამფუძნებელმა დავით ბიბილეიშვილმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად, საათის შეძენა მომხმარებლებს ონლაინ accessAT-ის სოციალურ პლატფორმაზე შეუძლიათ.
"პროდუქტის მიმართ ინტერესი უკვე გამოიკვეთა და ეს პროცესი დინამიურად მიმდინარეობს. საათის ღირებულება 150 ლარს შეადგენს, რაც ვფიქრობ, რომ ბაზარზე არსებული საათების ფასებს თუ შევადარებთ, შედარებით ხელმისაწვდომია. საათს რამდენიმე ფუნქცია აქვს, მათ შორის ხელის დაჭერით, საათი მომხმარებლებს ეუბნება დროს, თარიღს და გარდა ამისა, აქვს მაღვიძარას ფუნქციაც. მეორე კომპონენტი არის შეხებით საათის გაგება. საათს აქვს ლუქი, რომელიც ეხსნება და მომხმარებელი ხელის შეხებით გაიგებს დროს. არის მომენტები, როდესაც საათის სიტყვიერად თქმა უხერხულობას ქმნის, ამიტომ როცა არსებობს მეორე ფუნქცია, რომლის დროსაც ხელის შეხებით შეგიძლია დროის გაგება, ეს ძალიან კარგია.
ვფიქრობთ, რომ ეს უსინათლო პირს მეტ დამოუკიდებლობას აძლევს. მნიშვნელოვანი იქნება მსხვილი ბიზნესების დაინტერესება. ვფიქრობ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანიებმა უსინათლოებს, რომ ეს საათები გადასცენ ძალიან კარგი იქნებოდა და ჩვენც დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდით აღნიშნულ საკითხში", - აცხადებს დავით ბიბილეიშვილი.
მანვე აღნიშნა, რომ კომპანია ამ ეტაპზე ორიენტირებულია მაჯის საათზე, თუმცა პარალელურად დაწყებული აქვს მუშაობა ახალ მოწყობილობაზე, რომელსაც სხვადასხვა ფუნქცია, მათ შორის - წიგნის კითხვის შესაძლებლობა და სხვა დამატებითი ფუნქციები ექნება.
ცნობისთვის, სტარტაპი GITA-ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულია.