Hospitality Investment Forum-ის აღმასრულებელი დირექტორის ელენე ოთარაშვილის განცხადებით, საქართველოში სტუმარმასპინძლობის სექტორს გამოწვევების მიუხედავად განვითარების მაღალი პოტენციალი აქვს.
როგორც მან გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" აღნიშნა, გამოწვევებში აღსანიშნავია ტურისტული პროექტების არასაკმარისი დაფინანსება და კადრების დეფიციტი.
"დღეს სტუმარმასპინძლობის სექტორს ბევრი გამოწვევა უდგას წინ. მათ შორის, შეგვიძლია ჩამოვთვალოთ რამდენიმე მათგანი. მაგალითად, იცით, რომ ტურისტების რაოდენობა იზრდება და შემოსავლებში ეს პირდაპირ პროპორციულად არ აისახება. ასევე, გამოწვევაა ისიც, რომ ნაკლებად ფინანსდება პროექტები ტურისტული მიმართულებით ფინანსური ინსტიტუტების მიერ. ასევე, გვაქვს კადრების დეფიციტი. რომ შევაჯამოთ არსებობს პრობლემები, თუმცა ასევე, არსებობს განვითარების უდიდესი პოტენციალი. სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისში სწორედ ამას ემსახურება, რომ ხელი შეუწყოს ჩვენი სფეროს განვითარებას და მდგრადობას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ძალიან მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კადრების დეფიციტია - ჩვენი სფერო ისე გაძლიერდა, რომ კვალიფიციური მენეჯერების დიდი რაოდენობა გვყავს, რომლებსაც საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის წლების გამოცდილება აქვთ, რაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობას ზრდის და რისკებს ამცირებს საერთაშორისო ოპერატორების მხრიდან", - აცხადებს ელენე ოთარაშვილი.
ცნობისთვის, სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი თბილისში გაიმართა და ინვესტორები, დეველოპერები და მსოფლიოს წამყვან სასტუმრო ქსელების წარმომადგენლები გააერთიანა.