საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ, თბილისის ტექნოპარკში, ისრაელის ელჩს საქართველოში, ვალიდ აბუ-ჰაიას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში ელჩმა დაათვალიერა თბილისის ტექნოპარკის ინფრასტრუქტურა, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია (FabLab) და სტარტაპების სამუშაო სივრცეები.
შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ტექნოლოგიური პარტნიორობის პერსპექტივები მიმოიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისრაელის გამოცდილების გაზიარებას მაღალტექნოლოგიური განათლების, კვლევითი საქმიანობისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით. საუბარი შეეხო ისეთი მექანიზმების განვითარებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ექსპერტული ცოდნის გაცვლასა და ქართული ტექნოლოგიური კომპანიების საერთაშორისო ასპარეზზე ინტეგრაციას.
ავთანდილ კასრაძემ სტუმარს გააცნო ის სახელმწიფო რეფორმები და სტრატეგიული ინიციატივები, რომლებიც ქვეყანაში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობას ისახავს მიზნად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო კოორდინაცია და ერთობლივი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორი ქვეყნის ტექნოლოგიური სექტორების დაახლოებასა და ინოვაციური პოტენციალის ზრდას.