ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების მინისტრმა კახა გულედანმა პარლამენტში, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ყველგან რეგიონებში უნდა იყოს დაცული სტანდარტი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, სერვისები, განათლება და სხვა.
„მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დღეს პარლამენტის ტრიბუნიდან მაქვს საშუალება, ვისაუბრო რეგიონული განვითარების სამინისტროზე, იმ გეგმებსა და გამოწვევებზე, რომლებიც ახლად შექმნილ უწყებას აქვს. ეს არ არის ჩემთვის უბრალოდ ინტერპელაციის კითხვა-პაუსუხის ფორმა, ეს უფრო მეტია, რადგან მაქვს დიალოგის საშუალება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოსთან. როგორც თქვენთვის ცნობილია, რეგიონული განვითარების სამინისტრო შეიქმნა გასული წლის აპრილში და აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო ჩემს თითოეულ თანამშრომელს. სხვადასხვა უწყებიდან შეკრებილმა გუნდმა თავისი პროფესიონალიზმით, შრომისყოვარეობითა და მაღალი პასუხისმგებლობით, ერთად შევძელით, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში ჩამოგვეყალიბებინა ახალი სტრუქტურა. ჩვენი მიზანია, რომ რეგიონული განვითარების ერთიანი პოლიტიკის ფორმირება განვახორციელოთ და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ რეგიონებს შორის იყოს მეტი თანასწორობა და ნაკლები უთანასწორობა. თანასწორობას რომ ვამბობ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ რეგიონები უნდა იყოს ერთნაირად განვითარებული, ვგულისხმობთ იმას, რომ ყველგან რეგიონებში უნდა იყოს დაცული სტანდარტი და ხელმისაწვდომი ინფრასტრუქტურა, სამუშაო ადგილები, სერვისები, განათლება და სხვ. დღეს მზად ვარ, დეტალურად განვიხილო ყველა ის გამოწვევა და მიღწევა, რაც ამ მოკლედ დროში შევძელით და გულწრფელად და პირდაპირ ვუპასუხო თქვენს კითხვებს, რადგან მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი“, - განაცხადა კახა გულედანმა.