საერთაშორისო გადაზიდვების კერძო კომპანია Logistics Solutions საკუთარი საქმიანობის გეოგრაფიულ არეალს აფართოებს.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ირაკლი ცანკაშვილმა - Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა განუცხადა, კომპანია მიმდინარე წელს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში 3 ახალ ოფისს გახსნის.
„ფილიალები განთავსდება აშშ-ში, უზბეკეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. გარდა ახალი ბაზრების ათვისებისა, Logistics Solutions-ის მიმდინარე წლის გეგმებშია ინფრასტრუქტურული კუთხით განვითარებაც. კერძოდ, უკვე მოლაპარაკებების დასკვნით ეტაპზე ვართ და ფოთის პორტის ერთ-ერთი ტერმინალის მართვაში შევალთ. წელს, მარტის თვეში, ჩვენს კომპანიას 15 წელი უსრულდება და გვინდა, რომ ამ სიახლეებით შევხვდეთ“, - აღნიშნა ირაკლი ცანკაშვილმა - Logistics Solutions-ის დამფუძნებელმა.
ცნობისთვის, საერთაშორისო გადაზიდვების კერძო კომპანია Logistics Solutions თბილისში 2011 წელს დაარსდა და მის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივ ბაზარზე სანდო და მდგრადი ექსპედიტორი კომპანიის შექმნა. დაარსებიდან უმოკლეს დროში, Logistics Solutions საერთაშორისო ბაზარზე გაფართოვდა და რეგიონის ქვეყნების შემდეგ, ცენტრალური აზიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოჩნდა.